logo_geo
eng_logo
1 სექტემბრის სტიქიური მოვლენები აჭარაში
- +

1 სექტემბერი. 2016. 21:32

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენებით დაზიანებული ობიექტები მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად შემოიარა.


უხვმა ნალექმა ხელვჩაურში რამდენიმე ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთში განმეორებითი მეწყერული მოვლენები გამოიწვია, გზებზე განვითარდა ნიაღვარი და ქვათაცვენა. მნიშვნელოვნად დაზიანდა 6 სოფელი.


სტიქიას მსხვერპლი მოყვა სოფელ თხილნარში. საკალმახე მეურნების გაწმენდის დროს ადიდებულმა წყალმა 28 წლის მამაკაცი ჩაიყოლა. ცხედარი რამდენიმე საათში ზღვამ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე გამორიყა. ზურაბ პატარაძემ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.


სოფელ ერგეში, ბაშკო-ეკალაურის უბანში მცხოვრები 30-მდე ოჯახი ადიდებულმა ღელემ გარესამყაროს მოწყვიტა. ხიდის მშენებლობისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარია გამოყოფილი.


ამ მომენტისთვის ცხელ ხაზზე ასამდე ზარია შესული და მათზე რეაგირება აქტიურად ხორციელდება.


1 სექტემბრის ღამით აჭარის ზღვისპირა ზოლში მოსულმა უხვმა ნალექმა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დატბორვა და მეწყერული მოვლენები გამოიწვია. ღამის განმავლობაში მუშაობდა საგანგებო შტაბები მუნიციპალიტეტებში. შესაბამისი სამსახურები დღის მანძილზეც აქტიურად აგრძელებდნენ სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრას.


ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე. საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის.


შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ზარალი უმნიშვნელოა. ქობულეთსა და ხელვაჩაურში კი ზარალის დათვლა დაწყებულია და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner