„საქართველოს ერთიანი სივრცითი გეგმის მომზადება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ერთ-ერთი მნიშნელოვანი ამოცანაა და გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური ასპექტები, რათა ქვეყანას ჰქონდეს განვითარების მდგრადი და სწორი ხედვა, რომელიც არათუ შეაფერხებს, არამედ უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისში გამართულ კონფერენციაზე - „სივრცის დაგეგმარება - საქართველო 2023" განაცხადა.
კონფერენციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლევან დავითაშვილის თქმით, ქვეყნის სივრცითი გეგმის მომზადების ამოცანა ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო, როცა შეიქმნა შესაბამისი კომისია და წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა სივრცითი დაგეგმარების კუთხით, ბევრი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი გეგმა მომზადდა, მაგრამ გეგმა, რომელიც მოიცავს ყველა ასპექტს, ამ ეტაპზე არ არსებობს.
„სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ გასულ წელს აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, შეიქმნა სააგენტო, რომელმაც იმუშავა საკმაოდ ინტენსიურად მთელი წლის განმავლობაში. დღეს კი ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც იქნება საწყისი, მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომ მოხდეს სწორი დაგეგმარება ერთიანი სივრიცითი გეგმის შესამუშავებლად, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.