logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სახელმწიფოს აქვს მზაობა ვოსორიტიდი უსაფრთხოების დადასტურების შემდეგ შეიძინოს
- +

25 აპრილი. 2023. 14:51

 

 

„ნაცების“ მხრიდან კვლავ ვხედავთ, ადამიანის ჯანმრთელობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. ფაქტებით დასტურდება, რომ სახელმწიფო ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. აღნიშნულ მიზანს ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, სახელმწიფოს აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ადამიანების მიმართ ერთადერთი სწორი პოზიცია უჭირავს, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის გამოწვეული:

 

„საქართველოში არსებობს ცე ჰეპატიტის პროგრამა, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს, ასევე, სახელმწიფო დააფინანსებს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობას. ეს იმ პროგრამების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სახელმწიფოს, ადამიანის ჯანმრთელობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას გვაჩვენებს.

 

რაც შეეხება აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტს, არ მინდა ვიფიქრო, რომ ის მართულია, მაგრამ ფაქტია ეს ადამიანები უგულებელყოფენ პროფესიონალთა, დარგის ექსპერტების აზრს და რეკომენდაციებს. პროტესტის ფონზე ყველამ დაივიწყა, რომ ამ ადამიანებს, მედიკამენტ ვოსორიტიდის გარდა, სხვა სახის მკურნალობა სჭირდება (მათ შორის საზღვარგარეთ). სახელმწიფო მზად არის, აქონდროპლაზიით დაავადებული ადამიანების მკურნალობა სრულად დააფინანსოს. რაც შეეხება კონკრეტულად მედიკამენტ ვოსორიტიდის, სახელმწიფოს აქვს მზაობა მედიკამენტი უსაფრთხოების დადასტურების შემდეგ შეიძინოს. ამ ეტაპზე ვოსორიტიდს ავტორიზაცია გავლილი არ აქვს, მისი უსაფრთხოება დადასტურებული არ არის, არ არის ცნობილი გვერდითი მოვლენები და ა.შ. მედიკამენტის მიღების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ნერვული სისტემის დაზიანება, ორგანოების არაპროპორციული ზრდა, ასევე არ არის გამორიცხული ლეტალური შედეგი, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ვის დაეკისრება? ადამიანის სიცოცხლით მოვაჭრე ოპოზიციას თუ მთავრობას? რა თქმა უნდა, ხელს ყველა მთავრობისკენ გაიშვერს.

 

ყველამ გავიგოთ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს ადამიანის სიცოცხლით გარისკვის შესაძლებლობა არ აქვს! სახელმწიფოს აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ადამიანების მიმართ ერთადერთი სწორი პოზიცია უჭირავს, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის გამოწვეული. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დებს პირობას, რომ მედიკამენტის უსაფრთხოების დადასტურების შემდეგ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მას შეიძენს“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner