„პროფესიულ განათლებას საქართველოს ეკონომიკის მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. როდესაც ვსაუბრობთ პროდუქტიულობის ზრდაზე, ხარისხიანი ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი დარგების, მათ შორის, ინოვაციურის, განვითარებასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასეთ დროს დამსაქმებელთა მხრიდან პროფესიულ და მაღალკვალიფიციურ კადრებზე ხელმისაწვდომობას ფუნდამენტური ადგილი უჭირავს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა უნარების კვირეულის ფარგლებში გამართულ სექტორულ ფორუმზე „კერძო სექტორი უნარების განვითარებისთვის“ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიება პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებითა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარდა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების შეუსაბამობაზე, ხარისხიანი სწავლების ხელმისაწვდომობის პრობლემაზე, აგრეთვე პროფესიული განათლების მიმართ კერძო სექტორისა და ზოგადად საზოგადოების მეტი დაინტერესების აუცილებლობაზე. მისი თქმით, მთავრობას არა მხოლოდ ზუსტად აქვს იდენტიფიცირებული არსებული გამოწვევები, არამედ უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები მათ გადასაჭრელად. ამის დასტურად, ირაკლი ნადარეიშვილმა მოიყვანა პროფესიული განათლების განვითარების კერძო და საჯარო თანამშრომლობის მოდელი, რომელიც, მისი შეფასებით, ჩვენს ქვეყანაში წარმატებულად ინერგება.
ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე ისაუბრა უნარების შესახებ საწარმოთა კვლევაზე, რომელიც 2022 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა. გამოკითხვაში სხვადასხვა სექტორის 11,000 კომპანია მონაწილეობდა. კვლევის თანახმად, 33 პროცენტამდე გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს ასაქმებენ. ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოკითხულთა 65 პროცენტმა უმაღლესი, 25 პროცენტმა კი ძალიან კარგი შეფასება მისცა ასეთ თანამშრომლებს თავიანთ ორგანიზაციებში, ხოლო დამქირავებლების 75 პროცენტმა მიიჩნია, რომ პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს, პირველ ეტაპზე, დამატებითი გადამზადება არ სჭირდებათ და ისინი არსებულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონული ღონისძიებებიც. გაიმართება თემატური გამოფენები, პროფესიული განათლების და კარიერის შესახებ საუბრები, პრეზენტაციები და ვორქშოფები.