logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დღეს არ არის იმის დრო, რომ იყოს საუბარი ღია კარზე, საჭიროა გადაწყვეტილებები, რომელსაც ქართველი ხალხი ელის - მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დადგეს იმ პოზიციაზე, სადაც წლის ბოლოს იქნება მოლდოვა და უკრაინა
- +

25 აპრილი. 2023. 19:29

"მნიშვნელოვანი იყო, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად მიგვეღო მონაწილეობა კონფერენციაში. მთავარი თემა იყო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩემს გამოსვლაში მქონდა შესაძლებლობა უკრაინისადმი სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის შეჯამების დროს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა უფრო სერიოზულად შეხედოს საკუთარ როლს და გაფართოების პოლიტიკას.

როგორც მან აღნიშნა, დღეს არ არის ღია კარზე საუბრის დრო და მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა მიიღოს საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება.

,,სწორედ ამ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა უფრო სერიოზულად შეხედოს საკუთარ როლს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროა და სწორედ, ამ პერსპექტივიდან გააცნობიეროს და მიიღოს ეს გადაწყვეტილება. დღეს არ არის იმის დრო, რომ იყოს საუბარი ღია კარზე, წინსვლებზე მხოლოდ. საჭიროა გადაწყვეტილებები, რომელსაც ქართველი ხალხი ელის. ჩვენ შარშან იმით, რომ არ მოგვენიჭა სტატუსი, გარკვეულწილად გამოგვაცალკევეს ასოცირების ტრიოდან. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ჩვენ კვლავ ლიდერები ვართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს მდგომარეობა აღდგეს და საქართველო კვლავ დადგეს იმ პოზიციაზე, სადაც იქნება მოლდოვა და უკრაინა წლის ბოლოს,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე.

როგორც მან აღნიშნა, სრული მხარდაჭერაა წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისგან, რომ საქართველომ დაიკავოს ის ადგილი, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის სახით.

,,ამ კონფერენციის ფარგლებში, გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს. საუბარი გვქონდა მოლდოვის, უკრაინის პარლამენტების თავმჯდომარეებთან. უპირველეს ყოვლისა, არის სრული მხარდაჭერა წევრი ქვეყნების პარლამენტთა თავმჯდომარეებისგან, რომ საქართველომ დაიკავოს ის ადგილი, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის სახით. ასევე, კანდიდატ ქვეყნებთან შეხვედრის დროს, გვქონდა საუბარი, თუ როგორ შეიძლება, რომ ჩვენ ერთმანეთს დავეხმაროთ და გამოცდილება გავუზიაროთ,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner