„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს სკანდალურ ვიდეოჩანაწერზე, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა. კერძოდ, ინაშვილმა გაავრცელა ინტერვიუ ყოფილ ჯალათ პატიმართან, რომელიც დეტალურად ჰყვება, ციხის ადმინისტრაციის დავალებით როგორ აწამა და გააუპატიურა რამდენიმე მსჯავრდებული.
„ჩვენი ვალია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რაებს სჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმი და როგორ ეპყრობოდა პატიმრებს ქართულ ციხეებში.
ინტერვიუ, რომელიც გამოვაქვეყნე, რამდენიმე დღის წინათ მომაწოდეს და მაშინვე გავასაჯაროვე. ყოფილი პატიმარი ჰყვება, როგორ ავალებდა ციხის ადმინისტრაცია სხვა პატიმრების წამებასა და გაუპატიურებას მათგან სასურველი ჩვენების მიღების მიზნით.
ჩემს მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაციონალების დროს სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი. ეს პატიმარი ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციის დავალებით 5-6 პატიმარი გააუპატიურა. ასეთი ე.წ. „დავერბოვკებული" ჯალათ-პატიმრები ციხეებში არაერთი იყო.
წამების კონკრეტული ფაქტი, რომლის შესახებაც რესპონდენტი ინტერვიუში ლაპარაკობს, პატიმრის სიკვდილით დასრულდა", - აცხადებს ირმა ინაშვილი.