აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია.
„ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია. ვერავინ დაიჯერებს, რა ხდება. ასეთი დამაქცევარი და წარუმატებელი პრეზიდენტობის პირობებში, თითქმის წარმოუდგენელია, რომ ბაიდენმა არჩევნებში მონაწილეობაზე იფიქროს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„მათ არჩევნები გააყალბეს. არჩევნებში თქვენი მხარდაჭერით ჩვენ დავამარცხებთ ჯო ბაიდენს 2024 წელს. ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს ეკონომიკას. ჩვენ გავანადგურებთ ინფლაციას. ჩვენ შევაჩერებთ ჩვენს სამხრეთ საზღვარზე შემოჭრას. ჩვენ აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის ღირსებას. ჩვენ თავიდან ავიცილებთ მესამე მსოფლიო ომის დაწყებას“, - განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა 3-წუთიან ვიდეოში ისაუბრა, რომელიც სიტყვა „თავისუფლებით“ იწყება. როგორც ბაიდენი აცხადებს, რომ მისი კამპანიის მთავარი მიზნები – აბორტის უფლება, დემოკრატიის და ამომრჩეველთა უფლებების დაცვა, ასევე ამერიკელებისთვის სოციალური გარანტიების დაცვა იქნება.
80 წლის ჯო ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტია.