„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი IRI-ს კვლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, კვლევის მიზანი საზოგადოებაში ცრუ შეხედულებების ჩამოყალიბებაა.
„ერთდღიანი ზეიმი გაიფორმეს კრამონმა, დეგნანმა, ხაბემ, ანტისამთავრობო სექტორმა, ოფშორ-მედიებმა ამ IRI-ს კვლევებით. ერთ-ერთი მიზანი იყო 7-8 მარტის აქციები გაეფორმებინათ, როგორც მოქმედი ხელისუფლებისადმი მიყენებული „სასიკვდილო“ იარა. მეორე მთავარ მიზანში ცოტა გარისკეს, მაგრამ მოახლოებულ 30 აპრილის ქართული საზოგადოების ერთსულოვნებისა და ეროვნულობის შეკრებაზე მცირე რაოდენობას თუ დააფიქსირებდნენ - ამით თავის „შულერობას“ გაამაგრებდნენ: „აი, ხომ ხედავთ, ეს შედეგი მოსალოდნელი იყო და მას ჩვენი კვლევებიც ადასტურებდნენ“.
ამ „გამოკითხვის“ დანარჩენ დეტალებზე ჩვენი ყურადღება შეიძლება საერთოდ აღარც გავამახვილოთ: ხაბეს ხელში ნაცების 8%-იანი ზრდა მელიას ხელში ნაცებთან შედარებით, ზურაბიშვილის რეიტინგი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ბაიდენის პოპულარობას აღემატება და უამრავი დანარჩენი სისულელე, რომლებმაც გუშინდელი მიცვალებულების ქრისტიანული ხსენების დღე, სექტანტებში „ცოცხალი მიცვალებულების“ დღესასწაულად გადააქციეს. ნამდვილი „Zombie party“ ჰქონდათ გუშინ - მივულოცოთ, რა გაეწყობა.
მე კი მაინც გამოვყოფ ერთ მნიშვნელოვან დეტალს ბოლო წლების IRI-ს ამ ე.წ. გამოკითხვებში (წლევანდლამდე ბოლო 2022 წლის ნოემბერში ჩატარდა): მაშინ მოსახლეობის 64%-თვის NATO-ში ინტეგრაცია უფრო პრიორიტეტული იყო, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელსაც მხარი გამოკითხულთა მხოლოდ 21%-მა დაუჭირა. წლევანდელ გამოკითხვაში კი ქვეყნის გამთლიანებას უკვე არც არავინ აღარ უჭერს მხარს, ვინაიდან „მოჰბეზრდა სოხუმის და ცხინვალის დეპრესიული“ თემა და 89% უფრო რეალისტურ, ევროპულ გზას ირჩევს“, როგორც ჩანს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე.
ეს უკანასკნელი ინდიკატორი განსაკუთრებით ყურადსაღებია - „ვიღაცა“ ჯიუტად ცდილობს ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებაში სოხუმსა და ცხინვალზე ფიქრი ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილას დაგვიფიქსიროს. „ვიღაცის“ ინტერესებში შედის შექმნას ცრუ ილუზია, რომ ერმა „ხელები ჩამოუშვა“, რომ მან უკანასკნელი იმედი დაკარგა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უფრო განუხორციელებელი ამოცანაა, ვიდრე - ყირიმის დაბრუნება უკრაინაში. და საერთოდ, სულ ცოტა ხანში აუცილებლად შემოაგდებენ ახალ სტიგმას: „სოხუმზე და ცხინვალზე ფიქრი - ეს არის რუსული პროექტი!“. ამ ცრუ ნარატივის გამაგრებასაც შეეცდებიან, თუ 30 აპრილის შეკრების მასშტაბურობას სასაცილო კატეგორიაში გაიყვანენ. ამიტომაც მოვდივარ, სულ რომ თავსხმა წვიმა იყოს, რამეთუ სახლში დარჩენა - IRI-ს ფალსიფიკაციებში მონაწილეობის ტოლფასი იქნება“, - წერს დავით ქართველიშვილი.