საქართველოს პროკურატურამ, ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელს დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, გორის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.