logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი „ქოლცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ვიწროპარტიული ხედვების გამყარებისთვის არჩევნების წინ ვერავის მივცემთ პოლიტიკური ინსინუაციების საშუალებას პარლამენტში
- +

27 აპრილი. 2023. 00:50

 

ცინიზმია, როცა უყურებ ადამიანებს, რომლებიც ერთი ხელით ევროკავშირის დროშას აფრიალებენ და იგივე ადამიანები ევროპელი პენსიონერების ჯიბეში ხელს აფათურებენ და იქიდან იხელფასებენ თავს, ე.წ. ჟურნალისტიკაშიც და პოლიტიკაშიც, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ კითხვის პასუხად განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ ხელს შეუშლის მიმდინარე გამოძიებას ევროპაშიც და საქართველოშიც.

საგამოძიებო კომისიებზე გაორებული დამოკიდებულება მაქვს არა მხოლოდ მე, არამედ უამრავ ადამიანს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა და, გავმეორდები, სახადი შეეყარათ კოლეგებს ოპოზიციიდან საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით. ადამიანები, რომლებიც სამი წელი დარბაზში თვალით არ გვინახავს, ახლა მოკალათდნენ მათთვის კომფორტულ სავარძლებში და გადაწყვიტეს, თავზე დაგვაყარონ საგამოძიებო კომისიების ინიციატივები. ამგვარი საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ ხელს შეუშლის მიმდინარე გამოძიებას ევროპაშიც და საქართველოშიც“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, „ქოლცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა სპეკულაციას არ დაასრულებდა, უფრო გააღრმავებდა, გაამძაფრებდა და ძალიან ბევრ ადამიანს პოლიტიკური ინსინუაციების საფუძველს მიცემდა.

ჩვენ ვიწროპარტიული ხედვების გამყარებისთვის, არჩევნების წინ ვერავის მივცემთ პოლიტიკური ინსინუაციების საშუალებას საქართველოს პარლამენტში, ეს უნდა იცოდეს ყველამ. ჩვენ არ ვემხრობით ამგვარი საგამოძიებო კომისიის შექმნას მარტივი მიზეზით - დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ვფიქრობ, გამოძიება ძალიან მალე დასრულდება და ეს უზარმაზარი ე.წ. შავი ხვრელი აღმოჩენილი ქოლცენტრების სახით, აილაგმება ამ ქვეყანაში და ამას წერტილი დაესმება“, - მიიჩნევს ცაგარეიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურა და ქვეყნის შესაბამისი სამსახურები თავიდანვე ჩართულები იყვნენ ამ საქმის გამოძიებაში არა მხოლოდ გერმანელ, შვედ და სხვა კოლეგებთან ერთად. პარალელურად სპეცოპერაცია ჩატარდა ბულგარეთში, ალბანეთში, ყაზახეთში.

ხელისუფლება თავიდანვე იყო ჩართული ამ საქმის გამოძიებაში. დაახლოებით 1 წლის წინ ჭავჭავაძეზე ჩატარდა სპეცოპერაცია და დაიხურა ჯოჯოხეთის მანქანა, რომელიც კეზერაშვილმა შექმნა საქართველოში. ეს მოხდა ღიად, საჯაროდ. ჩვენი პროკურატურა იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო, ევროპელ კოლეგებთან ერთად. ეს სპეცოპერაცია ერთობლივად დაიგეგმა, რამდენიმე ქალაქში განხორციელდა, ამოიღეს უამრავი ნივთმტკიცება, დააკავეს რამდენიმე ადამიანი, სხვადასხვა ქოლცენტრში ამოიღეს ძალიან დიდი თანხა, გამოძიება გრძელდება. ვინმეს რაიმე ბრალი რომ მიუძღოდეს საქართველოს ხელისუფლებიდან, როგორ ფიქრობთ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პროკურატურა ამაზე თვალს დახუჭავდა და ხმამაღლა არ იტყოდა, რომ აქ პრობლემებია?“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner