პაატა ბურჭულაძის კოალიციის წევრი „ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე 1 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" რეფორმირებას ცდილობენ, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა.
"ჩვენ ბოლომდე ვცდილობდით "ნაციონალური მოძრაობის" რეფორმირებას, მის ცვლილებას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. ამის მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღევანდელ ლიდერებს საერთოდ გააზრებულიც კი არ აქვთ ის პრობლემები და შეცდომები, რაც იყო დაშვებული თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ არც მათ სჯერათ გამარჯვების და ვფიქრობ, რომ კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს.
მაგალითისთვის, დათო ბაქრაძე ერთ-ერთი რითიც გამოირჩევა, ყოველთვის თავს არიდებს ხოლმე ყველა საჭირბოროტო თუ პრობლემურ საკითხზე საუბარს. მე არ ვიცი ამ ადამიანს კონკრეტულად რა ფუნქცია აქვს ქვეყანაში.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას რეფორმებთან დაკავშირებით - თუ რეფორმები, იუსტიციის სახლების მშენებლობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკური წინსვლა არის "ნაციონალური მოძრაობა", დიახ - ჩვენ მზად ვართ ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ახალი "ნაციონალური მოზრაობა", რომელიც შეძლებს ქვეყანის წინ წაწევას და წინსვლას", - აღნიშნა პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.