logo_geo
eng_logo
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მწვანე წიგნთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაცია გამართა
- +

27 აპრილი. 2023. 10:36

 

 

 

კლიმატის კანონის შემუშავების მიზნით შექმნილ მწვანე წიგნთან დაკავშირებით პირველი  საჯარო კონსულტაცია გაიმართა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

მწვანე წიგნი წარმოადგენს პოლიტიკის დოკუმენტს, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია კლიმატის მიმართულებით არსებული სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის, გამოწვევების, ვალდებულებებისა და მოსალოდნელი შედეგების თაობაზე.

 

კომიტეტმა, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდისა (WFD) და გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წელს კლიმატის კანონის შემუშავების მიზნით პროექტი დაიწყო. სწორედ ამ პროცესის ფარგლებში შემუშავდა მწვანე წიგნი, რომლის მიზანია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით გამოკვეთოს საკითხები, რაც შემდეგ თეთრ წიგნში აისახება.

 

საჯარო დისკუსია არის იმ პროცესის ნაწილი, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ, რომ შევიმუშავოთ ახალი კანონი კლიმატის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, როგორც საკანონმდებლო აქტების, ასევე შესასრულებელი გეგმების სახით, მაინც არ გვაქვს ერთი უნიფიცირებული კანონი, რომელიც ყველა ვალდებულებას, რომელიც საქართველოს ნაკისრი აქვს  საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, ერთ აქტში  გააერთიანებს. კანონის მთავარი მიზანია, რომ ზუსტად გაიწეროს უფლება-მოვალეობები, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ სავალდებულოდ შესასრულებელია საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის და დეკარბონიზაციის კუთხით“,  - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კლიმატის კანონის მიღების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

 

„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს  მკაფიოდ ჩამოყალიბებული საკანონმდებლო ჩარჩო, განმტკიცებული პარლამენტის მიერ მიღებული კანონით. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგები ნათელია და სწორედ ამიტომ საჭიროა ქვეყანას ჰქონდეს ერთიანი კლიმატის კანონი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან, საჭირბოროტო საკითხს დაარეგულირებს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. 

 

საჯარო კონსულტაცია ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner