„IRI-მ საზოგადოებას პარტიული დავალებით შექმნილი კვლევა წარუდგინა, რომლის ერთადერთ მიზანს, მოსახლეობის აზრის ფორმირება და საზოგადოებაში ოპოზიციისთვის სასურველი სცენარის დამკვიდრებაა,“ - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოში არჩევნების შედეგს ქართველი ამომრჩეველი განსაზღვრავს და არა აშშ-ს პოზიციები:
„პოლიტიკური პარტიების რეიტინგი რეალობისგან შორს დგას, „ნაციონალური მოძრაობა“, შიდა დაპირისპირებების და წარმოებული არასწორი, არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო ამომრჩეველთა კლებაზე განიცდის, საზოგადოებაში მათი რეალური მხარდაჭერა ერთნიშნა რიცხვს შეადგენს. რაც შეეხება მმართველი პარტიის რეიტინგს, ალოგიკურად არის შემცირებული, რაც კვლევის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. კრიტიკას ვერ უძლებს პერსონალური რეიტინგი, სადაც მრავლად ვხვდებით საზოგადოებისთვის მიუღებელ, მაგრამ ამერიკისთვის მისაღებ ადამიანებს. ოპოზიციის განსაკუთრებული აღფრთოვანება კვლევის იმ ნაწილმა დაიმსახურა, რომელიც მოსახლეობის დასავლური კურსისადმი მხარდაჭერას მოიცავს. სწორედ იმის გამო არის „ქართული ოცნება“ ქვეყნის სათავეში, რომ ხალხს ევროპული მომავალი სურს, მომავალი რომელიც „ნაცებთან“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მიუღწევადია. მოვუწოდებ ოპოზიციას, iri-ის კვლევით აღტყინების ნაცვლად თვალი რეალობას გაუსწოროს, საქართველოში არჩევნების შედეგს ქართველი ამომრჩეველი განსაზღვრავს და არა აშშ-ს პოზიციები!როგორც პარტიის, ასევე პერსონალური რეიტინგის მთავარი განმსაზღვრელი საარჩევნო ყუთი და არჩევნების შემდეგ დაფიქსირებული შედეგია, საქართველოს პროდასავლური ამომრჩეველი 2012 წლის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას წითელ ბარათს აძლევს. მმართველ გუნდს კი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს. განვლილი არჩევნები გვაჩვენებს, რომ ამომრჩეველი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია დასავლური კურსი, დასავლური კურსის მქონე პარტიას ირჩევს!“, - წერს ჩიხელიძე.