„მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკება, რომელსაც ჩვენი გუნდი აწარმოებდა ავიაკომპანია WizzAir - თან, წარმატებით დასრულდა. მიმდინარე წელს ჩვენ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, WizzAir - ის 4 ბაზირებული ხომალდი გვექნება. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მთავარი მიზნის მისაღწევად, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი საჰაერო წვდომა ევროპის სხვადასხვა აეროპორტთან და ქალაქთან. ეს, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება საქართველოში ევროპელი ტურისტების შემოსვლაზე, ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე და იმ შემოსავლებზე, რომელთაც ჩვენი ქვეყანა მიიღებს ამ სექტორიდან,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის აეროპორტიდან ავიაკომპანია WizzAir - ის ახალი მიმართულების დამატების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე.
1 დეკემბრიდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის. ავიაკომპანია ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირ რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში, გაიზრდება სიხშირეები ოთხი სხვადასხვა მიმართულებით.
მინისტრის მოადგილემ შეაფასა საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკა 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველომ მილიონ 200 ათასზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რაც, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, იმას ნიშნავს, რომ ტურისტული ვიზიტები, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში 95 პროცენტით აღდგა. „ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპელი ტურისტების წილი საკმაოდ მზარდია ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიაში. ასევე მნიშვნელოვანია გამოვყოთ ავიაციის ინდუსტრიის როლი საქართველოს ტურიზმისა და ზოგადად ეკონომიკის გაძლიერებაში. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, პოპულარიზაციას. ჩვენი მარკეტინგული კამპანიები ემსახურება საქართველოს სწორ პოზიციონირებას ევროპისა და ყურის ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში მიმდინარე წელი განსაკუთრებულად წარმატებული და გამორჩეული იქნება,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ავიაკომპანია Wizz Air-ის ავიამიმართულებების განვითარების ოფიცერი ეველინ ჯეკელი, ავიაკომპანია Wizz Air-ის აეროპორტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვლადისლავ ილინი, უნგრეთის ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, დანიის ელჩის მოადგილე ანდერს ტრელბორგი.