შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოსმენა გაიმართა.
ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და არსებულ პროგრესზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა 2023 წლის ბოლოს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
შვედეთის პარლამენტში გამართულ მოსმენაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას.
მხარეებმა განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი და მისი მოგვარების პროცესში საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის მნიშვნელობა. ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიაზე და მის გავლენაზე საქართველოსა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე.
„შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საინტერესო დისკუსია გაიმართა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის განვიხილეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. შვედი კოლეგები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობით და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებით დაინტერესდნენ. კითხვები დაისვა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, მიმდინარე რეფორმებსა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, რასთან დაკავშირებითაც მათ ამომწურავი პასუხები მიიღეს. შვედი პარლამენტარებისგან მივიღეთ მხარდამჭერი გზავნილები საქართველოს საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.