ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ვადამდელ არჩევნებზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლის რესურსი არ აქვს.
„უკვე ნათელია, რომ მათი სურვილი, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ამ წლის ბოლოს, აბსოლუტურად ყალბია. იმიტომ რომ ხედავენ (მათ შორის IRI-ს კვლევებით), რომ არ აქვთ არანაირი შანსი დემოკრატიული არჩევნების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალები. ამიტომ, ცდილობენ ქვეყანაში რაიმე ისეთი უბედურება მოხდეს, რაც ხალხის ქუჩაში გამოყვანისა და რევოლუციური სცენარის განხორციელების საშუალებას მისცემს. სწორედ ეს არის მათი პოლიტიკური ეგო, რომელიც ვერ კმაყოფილდება არჩევნების გზით. ეს უკვე მრავალჯერ დამტკიცებულია. მხოლოდ და მხოლოდ იმაზე არიან დამოკიდებულები, რომ ქვეყანას რაიმე წარუმატებლობა შეხვდეს, რაც მისცემს საშუალებას, რომ იქნებ კვლავ ამოტივტივდნენ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე“, - მიიჩნევს ქადაგიშვილი.
კობა ნაყოფიას განცხადებით, მას ეჭვიც არ ეპარება, რომ „თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება - ოპოზიცია უნდა იყოს მზად და სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებული“.