logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: დარწმუნებული ვარ, კატრინ კოლონას ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს ურთიერთობებში, ასევე იქნება ძლიერი სიგნალი რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის
- +

28 აპრილი. 2023. 19:25

დარწმუნებული ვარ, კატრინ კოლონას საქართველოში ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, კატრინ კოლონას ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი სიგნალი საქართველოს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.

„ჩვენ ძალიან დინამიკური ურთიერთობა და კომუნიკაცია გვქონდა. მოგვეცა შესაძლებლობა, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში შეხვედრა გაგვემართა და გვესაუბრა იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც არის ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე, საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მთავარზე, ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ჩამოგვიყალიბდა მჭიდრო და კონსტრუქციული ურთიერთობები სწორედ ამ დინამიკური პროცესების, ურთიერთობებისა და შეხვედრების დროს. დარწმუნებული ვარ, ეს გულახდილი და სიღრმისეული დიალოგი, რომელსაც ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ, მომავალშიც გაგრძელდება.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. მას აქვს მრავალი განზომილება. ეს მოიცავს როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ისე საკითხს, რომელიც ეხება საფრანგეთის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერას და მობილიზებას საქართველოს საგარეო პოლიტიკური ასპირაციების წარმატებით შესრულებაში.

ამასთან, ევროპის კონტინენტზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე და საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში ვიზიტი ვფიქრობ, რომ თავის ძალიან მნიშვნელოვან ახალ იმპულსს მოიტანს. ვფიქრობ, ეს ჩვენი მეგობრებისგან, საფრანგეთისგან პოლიტიკური მხარდაჭერის მანიფესტაციაც არის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობების სიმტკიცე მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირებზე, საერთო ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებზეა დაფუძნებული.

„ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული ძალიან ღირებული დიალოგის ფორმატი, „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი“. წელს ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ პლატფორმის ფარგლებში, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი თანამშრომლობა. ეს პლატფორმა ძალიან ღირებული მექანიზმია, რათა ჩვენ აქცენტები გავაკეთოთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც განსაზღვრულია და მათზე, რომელიც მომავალში იქნება განსაზღვრული“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, კატრინ კოლონასთან პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა, რათა ქვეყანამ პირნათლად და დროულად შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია.

„მე ვუთხარი მას, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, რომ ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ დროულად და პირნათლად შეასრულოს ეს დავალება. ქალბატონ მინისტრს ასევე გავუზიარე ამ ძალისხმევის მიღმა რა კონკრეტული აქტივობები ჩაატარა ჩვენმა ხელისუფლებამ. ვუთხარი, რომ გასულ წელს ძალიან ძლიერი საპარლამენტო წელი იყო კანონშემოქმედებითი მიმართულებით. საქართველოს პარლამენტმა 80-ზე მეტი ახალი კანონი მიიღო, რათა ეს რეკომენდაციები შეგვესრულებინა. ჩვენ ვუყურებთ რა შედეგებს უკვე ჩატარებული რეფორმების რეკომენდაციების შესაბამისად, ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია, თუმცა დარჩენილია კიდევ ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელია და ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ვენეციის კომისია იქნება, თუ ეუთო/ოდირი, ვაგრძელებთ მათთან მუშაობას და იმისთვის, რომ სრულად შევასრულოთ რეკომენდაციები, ძალიან მალე გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო აფასებს საფრანგეთის ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით. როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ძალიან ღირებულია საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა ამ მიმართულებით.

დარჩიაშვილის თქმით, ჰქონდა შესაძლებლობა, კატრინ კოლონასთვის გაეზიარებინა უსაფრთხოების თვალსაზრისით ის ძალიან რთული გარემო, რომელშიც კავკასიის რეგიონია.

„იცით, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიამ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ მთლიანად შეცვალა არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურა. ვფიქრობ, აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რათა ახალი უსაფრთხოების არქიტექტურამ მაქსიმალურად შეძლოს და განამტკიცოს ყველა რეგიონში უსაფრთხოება.

ასევე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ძალიან მყარად დგას იმ სახელმწიფო სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით, რომელიც ვფიქრობთ, რომ არის ერთადერთი გზა, რათა მოხდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სუვერენიტეტის განმტკიცება. ჩვენი ხელისუფლება მყარად და ურყევად ადგას მშვიდობიანი კონფლიქტის დარეგულირების გზას.

ასევე, მადლობა გადავუხადე ქალბატონ მინისტრს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხრიდან წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის. ეს არის მხარდაჭერა მეგობრისგან, რომელიც ეხმარება ჩვენს ქვეყანას ინსტიტუციური განვითარებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ჩვენ განსაკუთრებით მადლიერი ვართ საფრანგეთის.

ორმხრივ ურთიერთობებში გარდა პოლიტიკური დაახლოებისა, ჩვენ გვაქვს უამრავი გამოუყენებელი პოტენციალი, ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით და როდესაც გვექნება „ამილახვარის“ მორიგი დიალოგი, ალბათ ვისაუბრებთ, როგორ მოვახერხოთ და მოვახდინოთ მექანიზმების იდენტიფიცირება, რომ ჩვენი ორი ქვეყანა კიდევ უფრო დაახლოვდეს ეკონომიკურად და გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა.

მახარებს მინისტრის მასპინძლობა. დარწმუნებული ვარ, მისი ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს ურთიერთობებში და ასევე იქნება ძალიან ძლიერი სიგნალი ჩვენი რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა საქართველოს დღეს ეწვია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

2018 წლის შემდეგ, ეს არის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner