რუსული ნავთობი ევროპის ბაზარზე ინდური დიზელის სახით ხვდება. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.
ევროპაში რუსულ ნავთობზე აკრძალვა გასული წლის დეკემბერში, რუსეთში დამზადებულ ნავთობპროდუქტებზე კი - მიმდინარე წლის თებერვალში დაწესდა. თუმცა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები არ კრძალავს ევროპულ ბაზარზე ისეთი ნავთობპროდუქტების მოხვედრას, რომელიც რუსული ნავთობის გამოყენებით მესამე ქვეყნების, მაგალითად, ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე არის დამზადებული.
Bloomberg-ის მონაცემებით, აპრილში ინდოეთი ევროპაში მზა ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელი გახდება. ამავდროულად, ინდოეთი რუსული ნავთობის მთავარი იმპორტიორია. ევროკავშირში დიზელის მიწოდების მხრივ ინდოეთი საუდის არაბეთსაც კი გაუსწრებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ, ერთი მხრივ, ევროპას სჭირდება მესამე ქვეყნებიდან დიზელის მიწოდება, რათა აკრძალული რუსული საწვავი ჩაანაცვლოს. მეორე მხრივ, შექმნილი სიტუაცია მსოფლიოში რუსულ ნავთობზე მოთხოვნას ზრდის და სატრანსპორტო ხარჯების გამო ევროპულ ბაზარზე საწვავის თვითღირებულებას ზრდის.