logo_geo
eng_logo
კატრინ კოლონამ აღნიშნა, რომ საფრანგეთს აქვს ამბიცია, თბილისში ახალი საელჩო ააშენოს
- +

28 აპრილი. 2023. 19:50

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საფრანგეთს აქვს ამბიცია, რომ თბილისში ახალი საელჩო ააშენოს.

„იმედი გვაქვს, ამ პროექტზეც მალე წავალთ წინ და კონკრეტიზებას მოვახერხებთ. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი სიმბოლო იქნება. ჩვენ შემოდგომაზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ამილახვრის ორმხრივი დიალოგის ფარგლებში. მე რამდენიმე შემოთავაზება გაგიკეთეთ თარიღების, პანდემიის პერიოდში ძალიან შეფერხებული ვიყავით. ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ მიგიღოთ პარიზში, ბატონო მინისტრო და მივიღო სხვა მინისტრები, რომლებიც ჩართული არიან ამილახვრის გაფართოებულ დიალოგში.

მე მქონდა ასევე მოკლევადიანი ვიზიტი აზერბაიჯანსა და სომხეთში, რეგიონული სიტუაცია ეხება ასევე საქართველოსაც. მე მინდა, მოვუწოდო საქართველოს, რომ გააგრძელოს თავისი ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის დაბრუნებაში სამხრეთ კავკასიაში, ეს არის ყველა ქვეყნისა და ყველა ხალხის ინტერესი. ყველა ვხედავთ, რომ ხალხს სურს მშვიდობა, მშვიდობიანი ცხოვრება, ეს არის მათი მოწოდება და კანონიერი სურვილი, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, ბატონო მინისტრო, ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აგრძელებთ, გააკეთებთ მომავალში. წადით კიდევ უფრო წინ. მე გეუბნებით, რომ ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება, თქვენი წარმატება და თქვენ გვერდით ვიქნებით ამ საქმეში“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა საქართველოს დღეს ეწვია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

2018 წლის შემდეგ, ეს არის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner