logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: სამართალი აუცილებლად აღსრულდება და მთელი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია სწორედ სამართლებრივი მეთოდებით აუცილებლად წარმატებით განხორციელდება
- +

28 აპრილი. 2023. 23:27

"ჩვენ იუსტიციის სამინისტროში დავამკვიდრეთ ასეთი ტრადიცია – შეხვედრის ყველა ოთახს ჰქვია ოკუპირებული ტერიტორიების სახელები. იმ ოთახს, საიდანაც ახლა თქვენ მე გერთვებით, ჰქვია „სოხუმი“. სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება და მთელი ის გაწეული სამუშაო, რომელიც აქამდე შედგა, იქნება იმის საფუძველი, რომ არა მხოლოდ თბილისიდან – ოკუპირებული ტერიტორიების სახელებით დასახელებული ოთახებიდან, არამედ სწორედ სოხუმიდან და ცხინვალიდან ექნება როგორც ჩვენს მოსახლეობას, ისე კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ბედნიერება," – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ჯარიმის გადახდა რუსეთის ფედერაციას, დაახლოებით, 130 მლნ ევროს ოდენობით მოუწევს სხვადასხვა დარღვევის გამო; კერძოდ, ეს არის სიცოცხლის უფლების დარღვევა, წამება და არაადამიანური მოპყრობა; ასევე, დაახლოებით, 23 000-მდე ჩვენი მოქალაქის საკუთარი საცხოვრებლიდან უკანონოდ გამოძევება, სადაც მათ დღემდე არ აქვთ დაბრუნების შესაძლებლობა... დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დაარღვია არაერთი საერთაშორისო ნორმა, არამედ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგაც დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და, ასევე, მათი კონვენციური უფლებები, რის გამოც მას დაეკისრა ეს პასუხისმგებლობა. ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ აუცილებლად სამართალი აღსრულდება და მშვიდობიანი დეოკუპაცია მთელი ქვეყნის სწორედ სამართლებრივი მეთოდებით აუცილებლად წარმატებით განხორციელდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner