„ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი გამოეხმაურა ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო ავტოკრატიისკენ მიდის. სეფაშვილი აცხადებს, რომ ეს არ არის ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან მსგავსი უაპელაციო განცხადებების გაკეთების პირველი შემთხვევა.
„ვნახე ჯინ შაჰინის ეს განცხადება, რომლითაც იგი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებს, რომ საქართველო ავტოკრატიისკენ მიდის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის სხვადასხვა უწყების (პარლამენტის, არასამთავრობოს ორგანიზაციის თუ სხვა) წევრები უარგუმენტოდ და დეზინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებენ ასეთ უაპელაციო განცხადებებს. ჩვენ გვახსოვს ნედ პრაისის განცხადებები და ასევე, ქართველო მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება.
აქ გამოვყოფდი ორ მომენტს. პირველი არის ის, რომ როდესაც თანამდებობის პირი აპირებს რაიმე განცხადების გაკეთებას, ელემენტარულია და თუნდაც, საკუთარი რეპუტაციის დაცვის მიზნით, უნდა მოუსმინოს ორივე მხარეს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანოს დასკვნა. ეს ერთი, ხოლო მეორე მომენტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და გულისხმობს მიკერძოებულობას. კერძოდ, შესაძლოა (არ გამოვრიცხავ), რომ ისმენენ ინფორმაციას, მაგრამ არაფრის გაგება არ უნდათ და ამ ეტაპზე აწყობთ, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისთვის საზიანოდ ასეთი მანიპულაციური შეხედულებები გამოაქვეყნონ, რათა საქართველოს ევროინტეგრაცია შეაფერხონ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.