საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე „რესპუბლიკელების" შეფასებებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მისამართით უხერხულად მიიჩნევს.
რესპუბლიკური პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, „ივანიშვილისადმი ნდობა დაწეულია. ამიტომ, არ მგონია, რომ მისი გამოჩენა სერიოზულად აამაღლებს "ქართული ოცნების" ავტორიტეტს".
როგორც კვაჭანტირაძემ გადაცემა „20/30"-ში სტუმრობისას განაცხადა, ის, რომ რესპუბლიკური პარტია აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაება, ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურება იყო.
„რაღაც კომენტარები ბატონმა დავითმაც გააკეთა და მათ ადგილას, თავს ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი. ბატონი ბერძენიშვილები განიცდიან, რომ ბიძინა ივანიშვილმა რეპუბლიკური პარტია მიატოვა. „ქართულმა ოცნებამ" მიატოვა რესპუბლიკური პარტია, რაც გარკვეულწილად, მათი სურვილიც იყო. როგორც თავად ამბობდნენ, ძალების დამოუკიდებლად გამოცდა ძალიან უნდოდათ.
ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურება იყო ის, რომ რესპუბლიკური პარტია აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაება. ვგულისხმობ იმას, რომ ეს პარტია პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან" ერთად კოალიციაში შემოვიდა. 4 წლის განმავლობაში, ერთმანეთთან თანამშრომლობაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით და შესაძლოა, დადგეს ის მომენტი, როცა გარკვეულ საკითხებზე, მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთმანეთის მოძიება მართლა დაგვჭირდება", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.