"ჩვენი პოზიცია უცვლელია - კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ სასამართლოს თემაზე არ შექმნას საგამოძიებო კომისია," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამისთვის გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში“, - აღნიშნა კობახიძემ.
ოპოზიციამ სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში 26 აპრილს შეიტანა. ოპოზიციის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიების შექმნის შესახებ მმართველ გუნდში სპეკულაციად აფასებენ. უმრავლესობის წევრების განმარტებით, მათი ოპონენტების მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ხელის შეშლაა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მიზნის შესრულებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიხედვით შეეცდებიან.