„დღეს აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ არ დავთმობთ იმ თავისუფლებასა და მშვიდობას, რაც აქამდე სისხლით მოგვიპოვებია“, - ამის შესახებ პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.
მან აქციაზე მისვლისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იგი 9 აპრილიდან მისი ქვეყნის გვერდით იდგა.
„დღესაც აქ ვარ. სამწუხაროდ, ვერ ვეღირსეთ მშვიდობას და დღესაც ეგ მომენტი დაგვიდგა, ძალიან რთული ვითარებაა, რადგან მსოფლიოში მიმდინარეობს რთული პროცესები. ჩვენ ახლა კეთილგონიერება გვჭირდება, რომ როგორღაც გადავლახოთ ეს პერიოდი და რაც უნდათ, რომ გაგვიკეთონ, ის ვერ შეძლონ - ეს არის ომი, ეს არის უბედურება, რაც ნებავთ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არ დაუშვებს გონიერი ქართველი ერი. ჩვენ გვინდა მშვიდობა. პირველ რიგში მშვიდობა, რაც არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მეტრეველმა.
მისივე თქმით, საზოგადოება არ შეეგუება იმას, რომ ვინმე ჩაერიოს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში.
„ე.წ. მეგობარი ქვეყნები, რომლებიც გვეგონა, რომ თურმე მეგობრები იყვნენ, მათგან დღეს აბსოლუტურად სხვა რამეს ვხედავთ. დღეს აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ არ დავთმობთ იმ თავისუფლებასა და მშვიდობას, რაც აქამდე სისხლით მოგვიპოვებია“, - განაცხადა მეტრეველმა.