„ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ შეაფასა „სალერნიტანასთან“ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩი, რომლის შედეგმაც ნეაპოლელებს ჩემპიონობის გაფორმება სამომავლოდ გადაუდო.
„ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ მოვიგეთ და ქომაგები დღეს ვერ გავახარეთ. ჩვენ წინააღმდეგ იყო კარგად მომზადებული გუნდი.
ნეაპოლში წარმოუდგენელი სიყვარულია გუნდის მიმართ და გვსურს, ისინი გავახაროთ. ახლა ხალხი „ნაპოლიში“ ოცნებას ხედავს, ჩვენ კი ამ ოცნების რეალობად ქცევა გადავდეთ.
ყველა, ვინც „ნაპოლის“ ტრიუმფს ელის, ვისაც სპორტი უყვარს და გუნდის წარმატებით კმაყოფილია, იმედიანადაა. შედეგის მიუხედავად, „პარტენოპეი“ ძალიან ახლოსაა ტიტულთან. ეს წარმოუდგენელი ჩანდა ზაფხულის რადიკალური ცვლილებების შემდეგ.
კომპლიმენტები ბიჭებს, რომლებმაც დაკისრებულ ამოცანას მოედანზე იდეალურად გაართვეს თავი. გუნდურად გავიზარდეთ, ფეხბურთელები პარტნიორებზე ფიქრობენ და ცდილობენ ერთმანეთის დახმარებას. ამ გუნდს ჰყავდა შესანიშნავი მწვრთნელები, თუმცა ჩემპიონატის მოგება შეუძლებელი ჩანდა, ახლა სხვა ვითარებაა.
ვამაყობ თუ არა იმით, რომ მარადონას გუნდის მსგავს შედეგს მივაღწიეთ? თუ ეს მომენტი დადგება, მაშინ მეც კმაყოფილი დავრჩები. სეზონის მანძილზე ნაყოფიერად ვიმუშავეთ და ეს სიხარული დავიმსახურეთ. ვფიქრობ, ტრიუმფი გადაიდო და „სალერნიტანასთან“ დაწყებული ზეიმი მომდევნო დღეებში გაგრძელდება“, – ამბობს ლუჩანო სპალეტი.