logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: გამოცდილების გაზიარებასა და ინფორმაციის გაცვლას დიდი მნიშვნელობა აქვს
- +

2 სექტემბერი. 2016. 11:11



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელიც გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს, თომას შტრობლს შეხვდა. შეხვედრა შტუდგარტში გაიმართა. მხარეები დანაშაულთან ბრძოლის კუთხით პრევენციული ზომების გაძლიერებაზე, ინფორმაციისა და სამუშაო ჯგუფების სისტემატურ გაცვლაზე შეთანხმდნენ.


როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, იგი გერმანელ კოლეგებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.


„ვინაიდან გერმანია ფედერალური ქვეყანაა, ცალკეული ფედერალური მიწების სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობას, არსებული ვითარების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებასა და ინფორმაციის გაცვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. გერმანიაში საქართველოს თუნდაც ერთი მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაულიც კი უკვე ჩვენი ქვეყნის პრობლემაა და მის იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს. ამიტომ, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ პრობლემის დასაძლევად. საჭიროა პრიორიტეტების განსაზღვრა, საერთო პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების დასახვა," - განაცხადა მღებრიშვილმა.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თომას შტრობლმა ქართულ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით, საგამოძიებო სფეროში, მაღალი შეფასება მისცა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატა.



შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა და თომას შტრობლმა ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, გაციფროვნებისა და მიგრაციის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს", რომელიც დანაშაულის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის სფეროში შესაბამის უწყებებს შორის საპოლიციო თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს.ასევე, გიორგი მღებრიშვილი პირადად შეხვდა გერმანიის უკვე 6 ფედერალური მიწის შს მინისტრებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner