შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, განახლებული მობილური აპლიკაცია და ვიდეორგოლი წარადგინა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.
ღონისძიებაზე პრეზენტაციის სახით, დეტალურად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია „112“-ის მობილურ აპლიკაციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.
განახლების ფარგლებში, ჩანართში - „რჩევები“ დაემატა ინფორმაცია ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ: რა არის ადრეული ქორწინება; როგორ ხდება მისი სამართლებრივი რეგულირება და როგორ ისჯება სამართალდამრღვევი.
„112“-ის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. გარდა ამისა, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის აპლიკაციიდან „112“-თან დაკავშირება უკვე ვიდეოზარის მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში ამ გზით შესულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები მართავენ.
ღონისძიების დასასრულს, „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ღონისძიება „112“-ის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.