logo_geo
eng_logo
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რამდენიმე ანგარიშთან დაკავშირებით იმსჯელა
- +

1 მაისი. 2023. 20:06

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-8 მუხლის ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილების მიზანია რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტის ხარჯების ფინანსური უზრუნველყოფა გაერო-ს რეგულარული ბიუჯეტის მეშვეობით.

გაეროს გენერალური ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს მისცა რეკომენდაცია, რომ მოახდინოს 8 მუხლის ცვლილების სავალდებულოდ აღიარება. ცვლილების მიზანია     რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტის ხარჯების ფინანსური უზრუნველყოფა გაერო-ს რეგულარული ბიუჯეტის მეშვეობით.

კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 და მე-6 გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების“ პროექტი.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის თქმით, ანგარიშის მიზანია ბავშვთა უფლებების კომიტეტს მიეწოდოს ინფორმაცია საქართველოს მიერ კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ. 

მისი განცხადებით, ანგარიშის პროექტი მომზადებულია ბავშვთა უფლებათა კომიტეტის მიერ წინასწარ მოწოდებული კითხვებზე პასუხის სახით და მასში აღწერილია ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, ხელისუფლების მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ყველა ძირითადი ღონისძიება მათ შორის, ინფორმაცია განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფოს რეაგირება COVID -19 პანდემიისას.

დოკუმენტში ასახული ინფორმაცია ასევე, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბავშვთა განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, დისკრიმინაციის აკრძალვა, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები, ბავშვთა მიმართ ძალადობა, ტრეფიკინგის აღმოფხვრა, შრომით ექსპლუატაცია და ა.შ.

ანგარიშის პროექტის საპარლამენტო განხილვების პროცესში გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების ასახვის შემდეგ, დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებს, ითარგმნება ინგლისურ ენაზე და მიეწოდება ბავშვთა უფლებების კომიტეტს.    

დღესვე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2022 წლის ანგარიში მოისმინა.

მიუხედავად იმისა, რომ გაერო-ს  კომიტეტის გადაწყვეტილებებს არ აქვს სავალდებულო ძალა, 2016 წლიდან საქართველოს სახელმწიფომ კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილება და დაივალდებულა მათ შორის გაერო-ს გადაწყვეტილებების აღსრულებაც“, - განაცხადა საკითხის წარდგენისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner