ავტორი თაკო კვარაცხელია
- ბატონო ვახტანგ, სულ რამდენიმე თვეში ოცდაათი წელიწადი შესრულდება
სოხუმის დაცემიდან. ეს დიდი დროა წარსულის შესაფასებლად და საკუთარი შეცდომების გასაანალიზებლად. თქვენ, როგორც არა მხოლოდ უმაღლეს თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილების მქონე პირი, არამედ აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი, როგორ ფიქრობთ, სად დავუშვით ის უზარმაზარი შეცდომა, რამაც საქართველო თანამედროვე ისტორიის უდიდეს ტრაგედიამდე მიიყვანა?
- რაც მეტი დრო გადის იმ ავადსახსენებელი დღიდან, მით მეტად გარდაუვალი ხდება, რომ უნდა დავფიქრდეთ ქართველები, თუ რამ მიგვიყვანა ამ ტრაგიკულ შედეგამდე. დაფიქრებისა და შეცდომების გააზრების გარეშე, მათი გადაჭრა ვერ მოხერხდება. ბუნებით მშვიდობისმოყვარული ადამიანი ვარ და ვფიქრობ, ყველა კონფლიქტი ომის გარეშე უნდა გვარდებოდეს. როგორც ბენჯამინ ფრანკლინი ამბობდა, „არ არსებობს კარგი ომი და ცუდი მშვიდობა!“ ჩვენ და აფხაზებს თანაცხოვრების ურთულესი პერიოდები გვაქვს გამოვლილი, არ იყო ეს გზა მარტივი... ჩვენს შორის არსებულ პრობლემებს ზოგი აფასებს როგორც ქართულ-აფხაზურ ეთნო-კონფლიქტს, ზოგიც მას პოლიტიკურ სარჩულს უდებს, მე კი ვამბობ, რომ ჩვენს თანაცხოვრებაში ორივე პრობლემა ერთად იყო შერწყმული. თუმცა, ქართველები და აფხაზები ჩვენს შორის არსებული გაუგებრობების მოგვარებას მაინც ყოველთვის ვახერხებდით ხან მეფის დახმარებით, ხანაც საბჭოთა კავშირის მეშვეობით და ზუსტად, საბჭოთა სისტემის დაშლის მერე, ჩვენი ერთიანობაც დაიშალა. ის, რომ ჩვენს შორის ხან ფარული, ხანაც ხილული დაპირისპირება სულ არსებობდა, ამაზე თვალის დახუჭვა არ ღირს. არც ქართულ და არც აფხაზურ მხარეს ეყო სიბრძნე, რომ ეს კონფლიქტი ომით არ დასრულებულიყო. რეალობა ასეთია!
- გეთანხმებით, ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრების არცთუ ისე მარტივი გზა გვაქვს გამოვლილი, რაც უმძიმესი ომით დასრულდა... ამ გადასახედიდან მცირეოდენ შანსს მაინც თუ ხედავთ, რომ ჩვენ ოდესმე ისევ შევძლებთ ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას?
- თუკი წარსულში დაშვებულ შეცდომებს გავაანალიზებთ და გავითვალისწინებთ, შესაძლებელია. თუმცა, ამას დასჭირდება ფხიზელი გონი, სიბრძნე და ძალიან დიდი სიფრთხილე!
- ოცდაათი წლის განმავლობაში ახალი თაობები აღიზარდნენ და მათ, ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს ერთმანეთთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. ჩვენს ახალგაზრდებს არასოდეს უნახავთ სოხუმი, გაგრა, ბიჭვინთა... ისევე, როგორც აფხაზ ახალგაზრდებს არ უნახავთ თბილისი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი... ბატონო ვახტანგ, რაც უფრო გავა წლები, მით უფრო ხომ არ მინელდება სოხუმის, როგორც ჩვენი ორგანული ნაწილის აღქმის შეგრძნება და როგორ ფიქრობთ, მომავალ თაობასაც ისევე გულით ენდომება აფხაზეთის დაბრუნება, როგორც ეს თქვენს თაობას სურს?
- ეს ურთულესი და ძალიან მტკივნეული საკითხია. უარყოფითი მხარე ამ ყველაფრისა ისაა, რომ ქართველი ახალგაზრდა არასოდეს ყოფილა აფხაზეთში, აფხაზი ახალგაზრდა კი, მისი გაგებით „სუვერენულ“ სახელმწიფოში დაიბადა და „დამოუკიდებელი“ აფხაზეთის პირობებში ჩამოყალიბდა პიროვნულად, მსოფლმხედველობრივად, სულიერად, მორალურად თუ მენტალურად. თუმცა, ამ ყოველივეს აქვს დადებითი მხარეც: ახალი თაობა არაა დამძიმებული წარსულში დაშვებული შეცდომებით, არ აქვთ პირადი წყენები ერთმანეთისადმი. ამიტომ მათ აქვთ შანსი, სრულებით ახლებურად, სულ თავიდან, ნულიდან დაიწყონ ურთიერთობების დალაგება. თუმცა, მე თქვენს შეკითხვაში ნიჰილიზმი დავინახე, რომ ახალ თაობას შეიძლება სულაც არ ჰქონდეს უმაღლეს მიზნად დასახული აფხაზეთის დაბრუნება, რადგან მასთან არანაირი ნოსტალგია არ აკავშირებს... დასაფიქრებელია! სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ და მასთან ერთად, მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ყველა თაობას ახსოვდეს, დიდსაც და პატარასაც, აფხაზეთის დაბრუნება და აფხაზების ნდობის დაბრუნება. ეს ჩვენი ვალდებულებაა!
- ცხადია, რომ აფხაზეთის დაბრუნებაში მხოლოდ ტერიტორიის დაბრუნებას არ გულისხმობთ, აფხაზი ძმების შემორიგების პროცესი როგორ გესახებათ?
- ჩემი ცხოვრების კრედო სწორედ ესაა, რომ აფხაზეთის დაბრუნება არა ტერიტორიის, არამედ, პირველ რიგში ჩვენი ძმების და დების დაბრუნებას ნიშნავს მათ სამშობლოში, მათ სახლში! სწორედ ამიტომ, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მათი შეხედულებები, მათი მიდგომები, მათი პრობლემები და, რაც მთავარია, მათი შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი დაკარგავენ თავიანთ თვითმყოფადობას. ერთიან საქართველოში აფხაზეთს გარანტირებული ექნება იდენტობის შენარჩუნება, სიმშვიდე და უსაფრთხოება. დღეს აფხაზს უსაფრთხოების გარანტად რუსეთი ესახება და სწორედ ამიტომ აფარებს თავს რუსეთს. ისინი კარგად ხედავენ, რამდენი ნაბიჯი იდგმება საქართველოში წინ, მათ შორის დემოკრატიის კუთხით, სოციალური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით და მათთვის ეს ყველაფერი შეიძლება სრულებით მისაღები იყოს, მაგრამ მათ აქვთ მთავარი შიში, შიში ეთნოსისა და იდენტობის გაქრობისა. აი, სწორედ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს იმ ახალმა თაობამ, რომელიც უკვე ჩართულია და რომელიც მომავალში ჩაერთვება კონფლიქტის მოგვარების რთულ პროცესში. აფხაზებთან მეტი ლაპარაკი, მეტი კონტაქტებია საჭირო. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, დიალოგი უალტერნატივოა!
- როდესაც მეტ კონტაქტებსა და დიალოგზე ამახვილებთ ყურადღებას, იქნებ ისიც დაგვიკონკრეტოთ, რა ფორმატში უნდა ვესაუბროთ აფხაზებს და რამდენად საკმარისია ამისთვის მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები?
- არ არის საკმარისი. 2008 წლის სამაჩაბლოს ომმა გააფუჭა ბევრი რამ. მანამდე იყო შეხვედრები ყველა დონეზე. იქაური სახალხო კრების წარმომადგენლები ხვდებოდნენ ჩვენს პარლამენტარებს, იქაური აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებოდნენ ჩვენსას, ერთმანეთს ხვდებოდნენ საზოგადოების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის წარმომადგენლები... ანუ. შეიძლება ითქვას, რომ საქმე მკვეთრად დაამძიმა აგვისტოს მოვლენებმა. მიუხედავად პრობლემებისა, ჩვენ ველაპარაკებოდით აფხაზებსაც და ოსებსაც, დღეს კი, ჟენევის ფორმატის გარდა, პრაქტიკულად ხელში აღარაფერი შეგვრჩა, ამ ფორმატის ეფექტურად გამოყენება კი, რთულია. ჟენევაში პრაქტიკულად მხარეებად ვართ დაყოფილნი. ერთ მხარეს არიან აფხაზები, ოსები და რუსები, მეორე მხარეს კი ჩვენ, ამერიკელები, ევროპელები, გაერო და ეუთო... იქ ისეთ ძალებად ვართ დაყოფილნი, სადაც ლავირების და მოქნილობის დეფიციტია შექმნილი. ჟენევის პროცესის გამოყენება შეიძლება, მაგრამ აუცილებელია ამ ფორმატის გარდა მათთან უშუალო საუბარიც, რაც სხვების თანდასწრებისა და ჩართულობის გარეშე უნდა მოხდეს. მხოლოდ ჟენევის ფორმატით რაიმე ძირეული გარღვევა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხში, ძალიან საეჭვოა!
- ბატონო ვახტანგ, მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დგება. ძირეული ცვლილებები აქტიურადაა დაწყებული. იქნებ ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში მოიძებნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ახალი მექანიზმი... ამ მიმართულებით თუ გაქვთ ნაფიქრი?
- სწორად აღნიშნეთ, მსოფლიოში გავლენათა ახლებური გადანაწილება მიდის. უკვე ცხადია, რომ ამერიკა ვერ დარჩება სამყაროს ერთმნიშვნელოვან ცენტრად... კონკრეტული რეცეპტი არ მაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი თანაცხოვრებისთვის რაიმე ახალი ფორმა იქნება გამოსაძებნი. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები რომ ჩვენთვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ, ამისათვის ძალიან დიდი სიფრთხილე და სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ. თავის მხრივ, აფხაზებსაც მოუწევთ, ეძებონ ჩვენთან დალაპარაკების გზები, რადგან უკვე შიგნით აქვთ დიდი წინააღმდეგობა და პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ოცდაათწლიანმა იზოლირებულმა ცხოვრებამ, შეიძლება, ერი გაქრობამდე მიიყვანოს. აფხაზებმა შესანიშნავად იციან, რომ ასეთ რეალობაში პატარა კი არა, დიდი ერებიც ქრებიან. აფხაზებს ახლა ისევე სჭირდებათ მაშველი რგოლი, როგორც ადამიანს, რომელიც იხრჩობა. ჩვენ თუ გამჭრიახი გონებით მივუდგებით ამ საკითხს, არ არის გამორიცხული, რომ ის მაშველი რგოლი ჩვენს ხელში აღმოჩნდეს და სწორედ ჩვენ მივაწოდოთ იგი ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს. თუმცა, ეს რომ ასე მოხდეს, ამისთვის ამთავითვე უნდა ვიზრუნოთ. ახალ რეალობას მომზადებული თუ არ შევხვდით, მაშველი რგოლი აფხაზებისთვის კი არა, ჩვენთვის გვექნება საძებნი. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აუღო ალღო შექმნილ ვითარებას და ყველა მიმართულებით სწორ ნაბიჯებს დგამს. ახლა, შინაური კინკლაობის დრო არ არის, ახლა, როგორც არასდროს, მშვიდობის შენარჩუნებისა და საქართველოს გამთლიანების იდეის ირგვლივ კონსოლიდაციის დროა!