„ისნის რაიონში, ბაღდათის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაზიანდა მუნიციპალური ავტობუსის 16 მგზავრი და ერთი ქვეითი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია", - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„დაზარალებულებს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა" და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს", - ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.