logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: რომელ პოლიტიკურ პოზიციასაც არ უნდა წარმოადგენდეს ადამიანი, თუ გულწრფელი იქნება, აუცილებლად დაინახავს, რომ ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობიანობისა და განვითარების ერთ-ერთი მთავარი გარანტორი არის ბიძინა ივანიშვილი
- +

2 მაისი. 2023. 19:48

"რომელ პოლიტიკურ პოზიციასაც არ უნდა წარმოადგენდეს ადამიანი დღეს საქართველოში, თუ ის იქნება გულწრფელი, აუცილებლად დაინახავს და იცის, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, მშვიდობიანობა და ის განვითარება, რომელსაც მიუხედავად ბევრი პრობლემისა, გამოწვევისა, ჩვენი ქვეყანა მაინც ახერხებს ამ ტურბულენტურ და მრავალი რყევით სავსე სამყაროში - ერთ-ერთი მთავარი გარანტორი ყოველივე ამისა არის ერთი ფაქტორი და ამ ფაქტორს ბიძინა ივანიშვილი ჰქვია," - ამის შესახებ თეა წულუკიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

ვიცე-პრემიერის თქმით, უკვე მრავალი წელია ეს ასეა და შეიძლება ეს ბევრს ქვეყნის გარეთ ან ზოგიერთს ქვეყნის შიგნით არ მოსწონდეს.

 

„მაგრამ ეს რეალობაა. ვიტყოდი, კიდევ კარგი, რომ ეს რეალობაა. თუ კი ვინმეს ურტყამენ, თუ ცდილობენ რომ ვინმეს ძირი გამოუთხარონ, სანქცია გამოუწერონ თუ სხვანაირად დაასუსტონ, არის პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ის არის ის ქართველი, რომელმაც გააერთიანა პოლიტიკური პარტიები 2011 წელს და დაამარცხა რეჟიმი, რომელსაც ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიჰყავდა საქართველო უფსკრულისკენ. სწორედ ეს არის, რასაც მას არ და ვერ პატიობენ.

მაგრამ ჩვენ ბევრნი ვართ, ვინც ვფიქრობთ - რომ არ ბიძინა ივანიშვილი, ის ცვლილებები 2012 წლის ოქტომბერში ვერ მოხდებოდა; რომ არა ის, როგორც პრემიერ-მინისტრი და შემდეგ როგორც პარტიის თავმჯდომარე, ეს ქვეყანა ვერ შეიძენდა სტაბილურობის იმ მინიმალურ ხარისხს, რომელიც საჭიროა მშვიდობის უზრუნველყოფისთვის. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ის საპარლამენტო უმრავლესობა, ის მთავრობა, რომელსაც გვაქვს პატივი გავაგრძელოთ მისი საქმე და გავაგრძელოთ ამ ქვეყანაში იმ ღირებულებების გაძლიერება, რომლებზეც „ქართული ოცნება“ დგას. ეს არის ადამიანის ღირსება, ადამიანის უფლებები და ძალიან ბევრი სირთულის მიუხედავად, ყველა ღონის გამოყენება, იმისთვის რომ ამ ქვეყანაში ჩვენი რწმენა, ენა, კულტურა გადარჩეს და გადარჩეს ისე, რომ ამისთვის არავის დასჭირდეს ქართული ჯარისა და ჯარისკაცის შეწუხება“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner