საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘. კანონში შეტანილი ცვლილება პარამედიკოსის პროფესიის ჩამოყალიბების საკანონმდებლო საფუძველი გახდება.
კანონს ემატება ცნება - პარამედიკოსი - შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ, დამოუკიდებლად ახორციელებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფარგლებში.
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში.
პარლამენტმა, ასევე მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.