„არ შემეძლო, აქციაზე არ მივსულიყავი. ვალდებული ვიყავი, ვყოფილიყავი ჩემი თანამოქალაქეების გვერდით და გამიხარდა, რომ უამრავი აზერბაიჯანელი ვნახე არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ რეგიონებიდანაც ჩამოსული“, - ასე აფასებს 30 აპრილის აქციას საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი.
„ეს იყო ხალხის მიერ მოთხოვნილი და დაანონსებული აქცია, სადაც სიმართლის, სამართლიანობის, მშვიდობის და სტაბილურობის მსურველი, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები იყვნენ შეკრებილი. აქ იდგნენ ნამდვილი მოქალაქეები, რომლებსაც უყვართ სამშობლო და ქვეყნის ერთგულები არიან. მიუხედავად ცუდი ამინდისა, ხალხის ასეთი რაოდენობა, ასეთი ერთსულოვნება და მუხტი ძალიან იშვიათია, სადმე ნახოთ. ახლა, როცა ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ და წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ველოდებით, ამ ფონზეც კი, მიმდინარეობს გამუდმებული ზეწოლა საქართველოს მიმართ, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან - როგორც ევროპის ქვეყნების, ასევე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. ზეწოლაა გარედან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მტერი გვყავს შიგნით. აქ, ქვეყანაში გვყავს განუბაჟებელი ტვირთი - ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც კომფორტულად ზის ჩრდილში და თავისი კრიმინალური დაჯგუფების ხელით, ცდილობს ქვეყნის განვითარება შეაფერხოს. მსოფლიოში ჯერ არც ერთი პატიმარი არ ყოფილა ასეთ კომფორტში, მე მგონი, გინესის რეკორდებში უნდა შევიყვანოთ ეს კაცი - დამნაშავე, რომელმაც ქვეყანა გაანადგურა, რომელიც ციხეში წამებით ხოცავდა პატიმრებს, ატერორებდა ბიზნესს, ხოცავდა ქუჩაში ადამიანებს, გაასხვისა უამრავი სტრატეგიული ობიექტი... შემდეგ კი ოპოზიციად მოგვევლინა და ყველაფერს აკეთებს თავის დაჯგუფებასთან ერთად, რომ ავნოს ქვეყანას. როგორ უნდა ვთქვა მე, აზერბაიჯანელმა, რომ ის ქართველია, როცა ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენელი მიდის, დაძვრება ჩუმად ევროკავშირის წევრი ქვეყნების კაბინეტებში და ყველა ღონეს ხმარობს, რომ უცხო ქვეყანა თავისი სამშობლოს წინააღმდეგ განაწყოს. მათი ქმედება უკვე გაუსაძლისი გახდა და შეკრების მთავარი მიზეზიც ეს იყო. შევიკრიბეთ და მივუთითეთ მეგობარ ქვეყნებს, რომ თავი დაანებონ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას! საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია, პარლამენტი, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას ცივილიზებურად მართავს და იმას აკეთებს, რაც ხალხს სჭირდება. ხალხს სჭირდება, რომ ჯანმრთელი იყოს, თავისუფალი ბიზნესი ჰქონდეს, მისცენ საშუალება, რომ გაასაღოს თავისი მოყვანილი პროდუქტი, - მაგრამ ქვეყნის შიდა მტრები ყველანაირად ძაბავენ სიტუაციას, უცხოელი „თანამოაზრეების“ დახმარებით, რითაც როგორც ხელისუფლებას, ასევე თითოეულ მოქალაქეს დისკომფორტს უქმნიან. უნდათ, რომ საქართველოში ლიბერალური ფასეულობები შემოიტანონ, მაგრამ საქართველო ისტორიულად ტრადიციული ქვეყანაა, რომელსაც ვერც ერთმა გარეშე მტერმა ვერ დააკარგვინა ვერც რელიგია, ვერც ადათ-წესები, ვერც ენა... და ახლა ამათ უნდათ, რომ ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გაანადგურონ.
ათასობით ადამიანი მოვიდა აქციაზე, მაგრამ გაცილებით მეტი, ვინც ვერ მოვიდა, იმავე სულისკვეთებას იზიარებს. ესენი არიან პატრიოტი ადამიანები და თუ საჭირო გახდება, მათთან ერთად ჩვენ ისევ გავალთ რეგიონებში, სოფლებსა თუ ქალაქებში და ხალხს დავანახებთ რეალობას, რის შემდეგაც ბორტი ძალები მარილივით დაიშლებიან. მათ არა აქვთ უფლება, ქართველი საზოგადოების სახელით იმოქმედონ. მე, როგორც საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, ვიტყვი, რომ აზერბაიჯანელები, ქართველების შემდეგ, მეორე ერი ვართ, ვინც თავდაუზოგავად ვიცავდით და დავიცავთ თითოეულ გოჯ ქართულ მიწას და არასდროს დავიხევთ უკან, თუკი ჩვენს სამშობლოს, საქართველოს დავჭირდებით. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ საქართველოს მიწა-წყალზე, ასპინძის ომში, კრწანისის ომში თუ სხვაგან, და დღეს ქართველების გვერდით იმ მებრძოლების შვილიშვილები დგანან, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ომი, მშვიდობა გვინდა და ესაა ჩვენი მთავარი გზავნილი.
არ შემეძლო, აქციაზე არ მივსულიყავი. ვალდებული ვიყავი, ვყოფილიყავი ჩემი თანამოქალაქეების გვერდით და გამიხარდა, რომ უამრავი აზერბაიჯანელი ვნახე არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ რეგიონებიდანაც ჩამოსული. ჩვენ, აზერბაიჯანელები მშრომელი, საქმიანი ხალხი ვართ და გვინდა, ქვეყანა სტაბილურ მდგომარეობაში განვითარდეს. ამიტომ ბიძგი უნდა მივცეთ, მხარი უნდა დავუჭიროთ მათ, ვისაც იგივე სურვილი აქვთ.
მინდა ხელისუფლებას მოვუწოდო, იმ ერთგულ ადამიანებს მიაქციოს ყურადღება, ვინც ჯერ კიდევ, 2007-2012 წლებში იბრძოდა ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ და ვისაც „ქართული ოცნების“ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. „პორტირებულები“ რომ ჰყავთ ყველგან, ყველა სფეროში შეკედლებული, სწორედ ისინი აფერხებენ ქვეყნის მშენებლობის პროცესს. კარგი იქნებოდა, რომ როგორც პრეზიდენტს გამოვუცხადეთ უნდობლობა ხელის აწევით, ასევე, უნდობლობა გამოვუცხადოთ იმ „პორტირებულებს“, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას!“ - აცხადებს ალი ბაბაევი.