პარლამენტმა 84 ხმით, დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება.
ცვლილების თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.
კანონპროექტის მიღებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.
აღნიშნული პერიოდი ნებაყოფლობითობის რეჟიმში რჩება და ბავშვის მშობელს და კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
ცვლილებით 4900-მდე მოსწავლე შეძლებს სარგებლობას და ის როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს შეეხება.