logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ ევროპული კონსერვატიზმი არის საუკეთესო პოლიტიკური იდეოლოგია საქართველოსთვის, რათა შევინარჩუნოთ წარსული და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპული სახელმწიფო
- +

4 მაისი. 2023. 17:33

 

 

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე უნგრეთში გამართულ „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას“, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, სწორედ ევროპული კონსერვატიზმი არის საუკეთესო პოლიტიკური იდეოლოგია საქართველოსთვის, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს წარსული, ამავდროულად, კი განვითარდეს, როგორც ევროპული სახელმწიფო.

 

„ევროპული კონსერვატიზმი საუკეთესო პოლიტიკური იდეოლოგიაა საქართველოსთვის, რათა შევინარჩუნოთ ტრადიციები და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპული სახელმწიფო.

 

დღეს, უნგრეთში გამართული „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია“ უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის. ახალ პოლიტიკურ წესრიგში უმთავრესი პრინციპი სწორედ კონსერვატიზმი და ეროვნული ფასეულობების დაცვა უნდა იყოს, რომელიც ასე გათელა და გაანადგურა დღეს გამეფებულმა ულტრალიბერალიზმმა.

 

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახალ რეალობაში ახალი, სამართლიანი წესრიგი უნდა დამყარდეს, რომელიც დაფუძნებული იქნება ტრადიციულ ფასეულობებსა და უნივერსალურ ღირებულებებზე. ევროპის უძველესი ერების ხიბლიც სწორედ ეს არის და არა ის თავსმოხვეული ლიბერალიზმი, რომელიც თითქოსდა ევროპული ღირებულებებია.

 

ადამიანის უფლებების დაცვა და სიტყვის თავისუფლება სულ სხვაა, რომელიც ნამდვილად არის დასავლეთის მონაპოვარი, მაგრამ ეს თანხვედრაში უნდა იყოს ერი-სახელმწიფოების პოლიტიკურ მრწამსთან. ლიბერალიზმმა არ უნდა შეურაცხყოს ჩვენი რელიგია, ადათ-წესები და ტრადიციები, ფეხქვეშ არ უნდა გათელოს ჩვენი ფასეულობები, ახალგაზრდობა არ უნდა გარყვნას ყალბი ღირებულებებით.

 

სწორედ ევროპული კონსერვატიზმი არის საუკეთესო პოლიტიკური იდეოლოგია საქართველოსთვის, რათა შევინარჩუნოთ წარსული და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპული სახელმწიფო. მხოლოდ ეს უნდა იყოს ჩვენს ახალგაზრდებთან საუბრის თემა, რომლებიც გადაიბარებენ ქვეყნის მართვის სადავეებს მომავალში.

 

უნდა გვჯეროდეს, რომ მრავალსაუკუნოვან ევროპას და მის ნაწილს - საქართველოს, მომავლის პერსპექტივაში თვითმყოფადობისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მყარი გარანტი ექნება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნებაც და მოქალაქეობრივი ვალდებულებაც“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner