logo_geo
eng_logo
კეთილგონიერებით გასავლელი (ციკლიდან „რა სურს ამერიკას?!“ - წერილი მეცხრე)
- +

4 მაისი. 2023. 18:28

 

 

საქართველოს მიწების გამჩუქებელი სერგო ორჯონიკიძე მისი საშვილიშვილო დანაშაულის გამო უკმაყოფილო ქართველ ხალხს დაემუქრა, ჭკუით იყავით, თორემ მთელ ქვეყანას წაღმა-უკუღმა გადავხნავო (საქართველო მაშინ რუსეთის ფაქტობრივი კოლონია იყო).

 

საბჭოთა სახელმწიფოს კარიკატურულმა ლიდერმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა, გასული საუკუნის 50-იან წლებში მიიღო გადაწყვეტილება, მისი წინამორბედის, ეროვნებით ქართველი(?) იოსებ სტალინის „კომუნისტისთვის შეუფერებელი მოღვაწეობის გამო“(?) (ერთ-ერთი სავარაუდო ვერსიაა), პასუხი მისი მშობელი ერისთვის მოეთხოვა და მილიონობით ადამიანს სასჯელად, არც მეტი არც ნაკლები, ციმბირის ტაიგაში თუ ტუნდრაში გადასახლება განუსაზღვრა (საქართველო მაშინ რუსეთის ფაქტობრივი კოლონია იყო).

 

პოსტსაბჭოთა სივრცეში „დიდი გადანაწილების“, ანუ დიდი რუსულ-ამერიკული გარიგების შედეგად, ყოფილ „უფროს ძმას“ „ალალი და უსაყვედურო“ 20% ერგო. დარჩენილ 80%-ში მისმა ადგილმონაცვლემ, „სტრატეგიულ პარტნიორად“ წოდებული ახალი „უფროსო ძმის“ ადმინისტრაციამ, რეგიონში თავისი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად, ჯერ „უსამშობლოთა“ მარიონეტული, მოძალადე რეჟიმი დაგვასვა თავზე (ქვეყანა ფაქტობრივ კოლონიად იქცა). შემდეგ, როდესაც ქართველმა ხალხმა თავისუფლებისთვის უკომპრომისო ბრძოლით ხელში აიღო ძალაუფლება და თავისი ინტერესების გატარება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მიანდო, მრავალგზის სცადა „თავისი ნაძირალების“ ხელისუფლებაში მობრუნება, რათა ამ გზით, „მნიშვნელოვანი გლობალური პროექტების“ (თავისი არსით ანტიქართული)  განხორციელება მოეხდინა.

 

ერთი ასეთი გახლდათ „დიადი მიზნებისთვის“ ქართველი ხალხის „საზარბაზნე ხორცად“ გამოყენება. ისტორია მეორდება... „გლობალური ომის პარტიის“ მიერ მსოფლიოს ახალ გადანაწილებაში მთავარ როლზე გამწესებული, „პრეზიდენტი ბაიდენის ეპოქაში“ ახალი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. საქართველოში „რევოლუციური გარდაქმნების“, ანუ მორიგი კოლონიზაციის გეგმის „არქიტექტორად“ „დიდი პოლიტიკის“ ტრაგი-კომიკური პერსონაჟი, ოფიცერი დეგნანი მოგვევლინა. აღმოჩნდა, რომ მის „წმინდა“ მოვალეობას წარმოადგენდა, მსოფლიოს ხალხთა მშვიდობისთვის მისი ქვეყნის „უკანასკნელ უკრაინელ ჯარისკაცამდე ბრძოლისთვის“ „უკანასკნელ ქართველ ჯარისკაცამდე თავდადებული ბრძოლით“ ახალი სულის შთაბერვა.

 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე, ქვეყნის არევის, მინიმუმ, რვა მცდელობა ფიქსირდება (თითოეულზე ჩემ წერილებში არაერთგზის მისაუბრია). დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია საუბარი არეულობის ახალი მცდელობებისთვის საგანგებოდ მომზადებულ ორ წინაპირობაზე. ეს პროექტებია - „მიშას კლავენ“ და „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“. ყველამ კარგად იცის, რომ ორივე პროექტი ბლეფია, მაგრამ როცა სიმართლე მათ მხარეს არაა, უჭირთ ხოლმე რაიმე ხეირიანის მოფიქრება.

 

წინამდებარე წერილის მიზანია,  მოვახდინოთ იმ ყალბი მოლოდინის პრევენცია, რომელსაც გარკვეული წრეები (შიგნიდან თუ გარედან) კანდიდატობის მოცემის „მაღალ ალბათობასთან“ დაკავშირებით ნერგავენ (რაც დიდია მოლოდინი, მით მეტია იმედგაცრუება).

 

სტატუსის თემა იმისთვის იქნა შემოგდებული, რომ არმოცემით გამოწვეული უკმაყოფილება დიდ არეულობაში გადაზრდილიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ „რაიმე უკეთესი“ არ გამოჩნდა, გეგმის შეცვლის საფუძველიც არ იარსებებს. ბოლო დროს აკერმანის შეგირდების მხრიდან სულ უფრო ხშირად გაისმის ბოროტი შინაარსის სიტყვა „მაიდანი“, რაც „პროტესტის“ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაყვანას გულისხმობს. მარტის მოვლენები ამ გეგმის რეპეტიციად შეიძლება განვიხილოთ. პირველი არ გამოვიდა - მეორე გამოვა, ან მესამე, ან მეოთხე და ა.შ. ანუ, დიდი ალბათობით, ჯერ დეკემბერში „დაგვბრაკავენ“ რაიმე თითიდან გამოწოვილი მიზეზით და დამატებით რამდენიმეთვიან ვადას მოგვცემენ, რასაც მოყვება წინასწარ დაგეგმილი და გარედან ფართოდ მხარდაჭერილი „პროტესტი“, თავისი „რამე-რუმეებით“, მერე მეორედ... და თუ ისევ ვერ მიაღწევენ შედეგს, ასე, დენთის სუნის ფონზე მიიყვანენ საქმეს მომავალ არჩევნებამდე. შემდეგ, ძველ „არცნობას“ ახალი, „გაყალბებული არჩევნების არცნობა“ დაემატება... და ასე უსასრულოდ.

 

შეცდომაში ნუ შეგვიყვანს ის გარემოება, რომ „რადიკალურ ოპოზიციას“ არ აქვს არეულობის სათანადო რესურსი, რომ ე.წ. „კრიტიკული მასა“ არ იკრიბება. „მაიდანი“ სწორედ იმას გულისხმობს, რომ რევოლუციური ერთობა „ჯოჯოხეთის მოციქულების“ მიერ წინასწარ მომზადებული „გასროლის ოპერაციის“ მერე უნდა შეიკრიბოს.

 

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, მიმაჩნია, რომ აღნიშნულ გეგმას წარმატების მცირე შანსი აქვს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ უკვე გვაქვს უკრაინის გამოცდილება და მეორე, უკრაინისგან განსხვავებით (მერყევი ხელისუფლება და სიდუხჭირისა და გაურკვევლობისგან წლების განმავლობაში გატანჯური და სრულ უიმედობაში მყოფი უკრაინელი ხალხი „მაიდნისთვის“ შესაფერისი გარემო იყო), საქართველო სხვა რეალობაში იმყოფება. ამით იმის თქმა მინდა, რომ შედეგი ხალხის კეთილგონიერებაზე და მის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლების სწორ და გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით, საქართველო ბევრად წინაა, ვიდრე „მაიდნის“ პერიოდის (და თუნდაც შემდეგი პერიოდის) უკრაინა იყო.

 

სრული დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, ვიდრე ომი გრძელდება, „მეორე ფრონტის“ თემა დღის წესრიგიდან არ ამოვარდება. აქედან გამომდინარე, ვიდრე ეს მოცემულობა იარსებებს, „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან საქართველოში „ძირეული ცვლილებების“ გეგმაც დარჩება დღის წესრიგში.  

 

ისტორია მეორდება... ოღონდ ამჯერად სანახევროდ - კვლავინდებურად, ერთ მხარესაა ზესახელმწიფო, რომელიც ჩვენს ქვეყანას მეორეხარისხოვან წარმონაქმნად, მიზნების მიღწევის საშუალებად განიხილავს, ხოლო მეორე მხარეს დგას ქართველი ერი, იმ მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ საქართველო არასდროს აღარავის კოლონია აღარ იქნება(!).

 

ბიძინა  დვალი

04.05.2023 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner