logo_geo
eng_logo
გოგებაშვილზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაცვის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავეს
- +

5 მაისი. 2023. 12:56

 

 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი დააკავა. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ განაცხადა.

 

დაკავებული დაცვის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია.

 

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი.

 

მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2023 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ დასაცავი პირის ნათესავ გ.მ-სთან ერთად იმყოფებოდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. მოულოდნელად, გ.მ-ს შეიარაღებული ს.გ მიუახლოვდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა და ფეხების არეში ცეცხლსასროლი დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ, ს.გ-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ს.გ-ს შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და სხეულის მიდამოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა. ს.გ გულმკერდის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი დაზიანებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, - განაცხადა კვარაცხელიამ ბრიფინგზე.

 

შეგახსენებთ, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე 4 მაისს სროლა იყო. ადგილზე დაპირისპირებაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მოკლულია 1 ადამიანი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner