„უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა იყო ტრიუმფალური - ძალიან სწორ დროს, სწორ ადგილას და სწორი აქცენტებით. ფაქტობრივად, ჭეშმარიტი, რეალური საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის სრულფასოვანი პრეზენტაცია განახორციელა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა „უცნობის“ გადაცემა „კიდობანში“ სტუმრობისას განაცხადა.
დავით ქართველიშვილმა კონფერენციაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა და თანამედროვე კონსერვატიზმის გამოწვევებზე ისაუბრა.
„ეს პრეზენტაცია თავის თავში მოიცავდა იმ მაკურნებელ ძალასა და წამალს, რომელიც დღეს ევროკავშირის დასნეულებულ ზონას სჭირდება. იმ ევროკავშირის, რომელსაც მეტასტაზებივით მოედო ფსევდოლიბერალური ავადმყოფობა, ის კიბოს უჯრედები, რომლის არსებობის შესახებ, რა თქმა უნდა, იცოდნენ, მაგრამ ის შეგრძნება, რომ ამით შეიძლება საკუთარი იდენტობა, ტრადიცია, ქვეყანა დაეკარგათ, საკუთარი ხალხის ნდობა დაეკარგათ და წინაპრებთან ფესვები გაეწყვიტათ, ევროკავშირში ახლა გაჩნდა. ამის მაგალითია ჯერ მაკრონი, შემდეგ უკვე შარლ მიშელი, რომლებიც, ფაქტობრივად, გამოვიდნენ იმავე გზავნილებით, რა გზავნილებითაც ჩვენ, ქართული საზოგადოება, ბოლო ორი წელიწადია აქტიურად ვსაუბრობთ - რომ ერთია მეგობრობა და პარტნიორობა და მეორეა კოლონიალური და ვასალური დამოკიდებულება ერთმანეთთან. პირველად გაჟღერდა ღიად საფრანგეთის პრეზიდენტისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირიდან, რომ ეს ერთი და იგივე არ უნდა იყოს და რომ ერთი მეორეს ღუპავს.
ჩვენმა პრემიერმა თითქოს აუწყა ევროპას, რომ არ შეეშინდეთ, საქართველოა ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ ათას იმპერია გამოცვლილი, რომელთაგან ზოგიერთი უკვე გაქრა დედამიწის ზურგიდან, მაინც დგას ფეხზე. დგას, იმიტომ, რომ - მამული, ენა და სარწმუნოება, უფალი, ოჯახი, ადამიანი, ეს ის საბაზისო ფასეულობებია, რომელიც არ ხურდავდება, არაფერში არ იცვლება და რომელიც შეგვიძლია ევროკავშირს გავუზიაროთ, როგორც მანუგეშებელი მიდგომა. რომ დეპრესიაში ნუ ჩავარდებიან, რადგან შანსი აქვთ გამოცოცხლების, შანსი აქვთ გადარჩენის და ამის ცოცხალი მაგალითია საქართველო.
პრემიერის გამოსვლა იმდენად ტრიუმფალური იყო, რომ არაერთგზის ტაშით შეაჩერეს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. ჩემთვის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ის პატარა, ბიბლიური დავითი, რომელიც დიდი, უზარმაზარი გოლიათის წინაშე უშიშრად წარდგა, იმიტომ, რომ იცის - „ჩემთან არს ღმერთი, ჩემთან არს ღვთისმშობელი და ვისა მეშინოდის?“. ვისი უნდა ეშინოდეს ქართველ, მორწმუნე ადამიანს, რომელმაც სამი ათასზე მეტი სახელმწიფოებრივი ისტორია არანაკლებ ვერაგ გოლიათებთან ბრძოლაში გაატარა, მაგრამ ეს პატარა დავითი - საქართველო, ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა, თუკი ფარად ჰქონდა - მამული, ენა, სარწმუნოება, უფალი, ოჯახი და ტრადიციები“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.