logo_geo
eng_logo
სუს-ისა და კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული უწყებების მონაწილეობით გამოვლენილია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე
- +

6 მაისი. 2023. 13:20

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის, ბაჩო მგელაძის განცხადებით, სუს-ისა და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით წარმოებული ოპერაციის შედეგად გამოვლენილია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. როგორც მგელაძემ ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე.

 

მგელაძის თქმით, კომპლექსურად წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგად მოპოვებულია მასალები და მტკიცებულებები, რითაც იკვეთება უცხო ქვეყნებში მიმდინარე ტერორისტული აქტივობები.

 

„ჩვენ მიერ მოპოვებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, საიდანაც ამოღებული აშშ-ისა და ევროპის დედაქალაქების სტრატეგიული ობიექტების სატელიტური ფოტოები. მასშტაბური კონტრტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში იდენტიფიცირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირები, კომუნიკაციის ფორმები, მეთოდები, დაინტერესების სფეროები და შესაძლო თავდასხმის ობიექტები საქართველოს ფარგლებს გარეთ.

 

საერთაშორისო ტერორისტული რისკებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციები ოპერატიულად გადაეცა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს და მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის თურქეთს. ამასთან, სამსახურში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო ერთიანი კონტრტერორისტული სისტემის საიმედო პარტნიორად. ამასთან, ცალსახად გამოვრიცხავთ უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე“, - განაცხადა მგელაძემ და აღნიშნა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დეტალებზე არ ისაუბრებს.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან.

 

„საქართველო რჩება საერთაშორისო კონტრტერორისტული სისტემის ერთ-ერთ საიმედო პარტნიორად. ამასთან, ცალსახად გამოვრიცხავთ უცხოურ მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე“, - განაცხადა მგელაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner