logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა საქართველოს მიმართაც უნდა მიიღოს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და კიდევ ერთხელ, საქართველოსა და ქართველ ხალხს უთხრას, რომ 30-წლიანი ბრძოლა არის დანახული და დაფასებული
- +

6 მაისი. 2023. 17:10

 

 

ევროკავშირმა საქართველოს მიმართაც ახლა უნდა მიიღოს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და კიდევ ერთხელ, საქართველოსა და ქართველ ხალხს უთხრას, რომ ის 30-წლიანი ბრძოლა, რომელიც ქვეყნის თავისუფლებასა და ამავე დროს ევროკავშირის ნაწილად გახდომას უკავშირდება, არის დანახული და დაფასებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მან განმარტა, თუ რა მოლოდინები გააჩნიათ მათ ევროკავშირისგან საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით.

 

„2014 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ჩვენ ამ შეთანხმების ნახევარი უკვე შევასრულეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის ნახევარი საქართველომ უკვე გადმოიღო. ჩვენ ამ ნაბიჯებს ვდგამთ, ერთი მხრივ, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი მოწყობა იყოს ევროპული სტანდარტისა და დონის, მაგრამ ამავე დროს, ვინაიდან ჩვენ ჩვენს საშინაო დავალებას ვაკეთებთ სწორედ ევროკავშირში წევრობისთვის. ინსტიტუციური, სამართლებრივი, პოლიტიკური ჰარმონიზაციის პროცესში საქართველო ევროკავშირის როგორც ძალიან კარგი პარტნიორია, ასევე ასრულებს საშინაო დავალებას. ამიტომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირმაც ახლა უკვე სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღოს. სამწუხაროდ, საჭირო გახდა რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, იმისთვის რომ ევროკავშირს გადაეაზრებინა საკუთარი გეოპოლიტიკური როლი. ვნახეთ, რომ ეს ხდება და სწორედ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ახლა უნდა მიიღოს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები საქართველოს მიმართაც და კიდევ ერთხელ, საქართველოსა და ქართველ ხალხს უთხრას, რომ ის 30-წლიანი ბრძოლა, რომელიც ქვეყნის თავისუფლებასა და ამავე დროს ევროკავშირის ნაწილად გახდომას უკავშირდება, არის დანახული და დაფასებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner