ავტორი თაკო კვარაცხელია
- 2023 წლის 30 აპრილი. საქართველოს ათიათასობით მოქალაქის თანდასწრებით წაიკითხეთ ისეთი მანიფესტი, რომლის მსგავსი ქართველებს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მოგვისმენია... ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დასავლეთი კი არ გვიყენებდა მოთხოვნებს და გვიქნევდა თითს, არამედ ჩვენ ვუყენებდით მათ ჩვენს მოთხოვნებს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ამდენი ადამიანის მოთმინების ფიალა ერთდროულად აივსო და კოლექტიურ დასავლეთს, როგორც თანასწორმა თანასწორს ისე მივმართეთ და არა როგორც ხელქვეითმა უფროსს... ბატონო ზაზა, კარგი იქნებოდა, მოგვესმინა თქვენი, როგორც აღნიშნული შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორის გადმოსახედიდან, რამდენად მიღწეულია ის მიზანი, რაც გქონდათ დასახული?
- ჩვენი მიზანი ერთმნიშვნელოვნად მიღწეულია! იცით, ქვეყანა ადამიანს ჰგავს, როგორც ადამიანი ვერ აიტანს შეურაცხყოფასა და უსამართლობას, ასეა ქვეყანაც. ის დამცირება, რისი ატანაც უწევდა საქართველოს ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკვე გაუსაძლისი იყო. სწორედ ამ უსამართლობაზე, დამცირებაზე და თავმოყვარეობის შელახვაზე ხალხის რეაქცია იყო აღნიშნული აქცია. ელჩებს, რომლებიც ვიღაცების „გარაჟებში“ დაძვრებიან, არ აქვთ უფლება, საქართველოს სახელით ისაუბრონ! საქართველოს სახელით ისაუბრებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე და ჩვენს ბედსაც ჩვენ თავად გადავწყვეტთ. მავანნი პატრიოტიზმს იბრალებენ, სინამდვილეში კი ძირს უთხრიან ამ ქვეყნის მომავალს. ისინი სამოსით, ლოზუნგებით, წივილ-კივილითა და პლაკატებით გამოხატავენ სამშობლოსადმი სიყვარულს, რაც სინამდვილეში პატრიოტიზმი კი არა, როყიო, არაფრისმომცემი და ფსევდოპატრიოტიზმია. ამიტომ დაფიქრება, მშვიდი გონება და ანალიზია საჭირო. ხალხისგან მოცემული ლეგიტიმაციაა საჭირო. სწორედ ამიტომ გამოვედით ქუჩაში არა „ჯოს! ჯოს!“ ძახილით, არამედ კონკრეტული მანიფესტითა და კონკრეტული სამოქმედო გეგმით...
- ბატონო ზაზა, 30 წლის განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ კოლექტიური დასავლეთია ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, გადამრჩენელი, ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გარანტი, გვარწმუნებდნენ, რომ სწორედ მათგან მოდის ყოველი სიკეთე... ნიაღვარივით წამოსულ ამ პროპაგანდას, გარედან თავსმოხვეულ ამ სიცრუესა და ტვინების რეცხვას, თქვენ ეს შეკრება დაუპირისპირეთ და უამრავი ჩვენი თანამოქალაქის სათქმელი გააჟღერეთ... თუმცა, ეს ვერ იქნება თანასწორთა დაპირისპირება, რადგან ერთ მხარეს პატარა საქართველოა, მეორე მხარეს კი, უზარმაზარი და უძლიერესი დასავლეთი. თქვენი აზრით, რა შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას, გაიმარჯვოს ამ ურთულეს ბრძოლაში და როგორ შევძლებთ მათთან თანასწორის პოზიციიდან საუბარს?
- თქვენს შეკითხვაში რამდენიმე შეფასებაც იყო და მინდა ვთქვა, რომ ყველა მათგანს ვეთანხმები! თუმცა, აქვე ვაზუსტებ, რომ ჩვენ არავის მტრები არ ვართ და არავისთან თანამშრომლობასა და მეგობრობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, არა საკუთარი სუვერენიტეტის დაკარგვისა და იდენტობის გაქრობის ხარჯზე! უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკაში არ არსებობს სიყვარული და მეგობრობა, პოლიტიკაში არსებობს მხოლოდ პარტნიორობა და ინტერესთა თანხვედრა. როგორც კი ვიფიქრეთ, რომ რუსეთის მარწუხებისგან დავაღწიეთ თავი, ისეთ მხარეს აღმოვჩნდით, რომელიც ჩვენთვის გაცილებით მეტი ტკივილის მოყენებას შეეცადა. ახლა ვიღაც ცალტვინა გვეკითხება, - აბა რუსეთი გინდათო?! ვპასუხობ, - არა, ბატონო! ჩვენ გვინდა, რომ არავინ გადაგვყლაპოს, გვინდა, რომ ვიარსებოთ, გვინდა, რომ გავმრავლდეთ და ჩვენს ქვეყანას აღმოაჩნდეს არსებობისა და განვითარების პერსპექტივა. ახლა კი, თქვენს შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ, გპასუხობთ: არა, ეს ბრძოლა არ მესახება წაგებულ ბრძოლად, რადგან შეუძლებელი არაფერია, თუკი საზოგადოება ერთ საკითხში მაინც იქნება ერთიანი, რომ ჩვენთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესები დგას და უნდა იდგეს ყველაზე მაღლა, რომ საქართველო უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა!
- თუმცა, ე.წ. ოპოზიციამ იმ სულისკვეთებისთვის, რაც აქციაზე გააჟღერეთ, უკვე მოგნათლათ ქვეყნის დაუძინებელ მტრებად...
- საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, ესენი არიან მუქთახორები, უსამშობლოები, უჯიშოები და უნიჭოები, რომლებიც პოლიტიკაში ფულის საკეთებლად მოვიდნენ. ესენი არიან კოლაბორაციონისტები და მოღალატეები... არ ღირს გაშიფრული „მეხუთე კოლონის“ შეფასება.
- თქვენს მიერ წაკითხულ მანიფესტში ერთმნიშვნელოვნადაა გაწერილი, ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის თუ რა ფასის გადახდაზე არ იქნება საქართველო არასოდეს თანახმა - რომ ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს ღმერთზე და არ დავიწყებთ მისთვის კორექტული გენდერული იდენტობის შერჩევას; რომ არ დავნომრავთ მშობლებს და დედა სულ დედა იქნება, მამა კი, მამა; რომ ჩვენთვის ოჯახი იყო, არის და იქნება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი და ა.შ... ბატონო ზაზა, თქვენი აზრით, წამოვა დასავლეთი რაიმე კომპრომისზე და რა შანსს ხედავთ, რომ გაჟღერებული მოთხოვნებიდან, ერთი მაინც შეგვისრულოს?
- არ იქნება ეს მარტივი გზა, თუმცა, უკან დასახევი არ გვაქვს! ჩვენ კი არა, უკვე თავად ევროკავშირის ქვეყნები ალაპარაკდნენ მათი სუვერენიტეტის ხელყოფაზე. არსებობს უზარმაზარი საშიშროება იმისა, რომ შეიძლება, ჩვენი დამოუკიდებლობა მხოლოდ ფარატინა ფურცელზე დაწერილ დებულებებად დარჩეს! დასავლეთს სურს, შემოჯლაგუნდეს ჩვენს ქვეყანაში, დაიპყროს და დაეპატრონოს ყველაფერს. მათ სურთ, რომ მათი სურვილებისა და პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედოთ. ყველაფერი, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მათგან სრულად უგულებელყოფილია. მათ სურთ გამოგვიყენონ მათი გეოპოლიტიკური ინტერსებისთვის, მაგრამ არ უნდა გვეშინოდეს მათი! ჩვენი უმძიმესი და ურთულესი ისტორიის მიუხედავად, ჩვენ არ გავნადგურდით, თვითმყოფადობა შევინარჩუნეთ და აქამდე მოვედით... ჩვენ ვერც ნეოლიბერალები დაგვამარცხებენ მათი ორმაგი სტანდარტებით, გარყვნილებითა და სიბინძურით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არავისთან მეგობრობაზე არ ვამბობთ უარს, თუმცა, ისინი ჩვენს დედებს - იქსებად, მამებს კი იგრეკებად ვერ აქცევენ!
- მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ როცა დასავლეთი რომელიმე ქვეყანაში ვერ ალაგებს სიტუაციას სათავისოდ, იქ ძალისმიერ მეთოდებს იყენებს და უკან არც ფერად რევოლუციებზე იხევს, არც სახელმწიფო გადატრიალებებზე, არც ომსა და სისხლისღვრაზე... როგორ ფიქრობთ, რამდენად მზადაა ჩვენი ხელისუფლება, გაუძლოს დასავლეთის წნეხს და ხომ ვერ ხედავთ სახელმწიფო გადატრიალების საშიშროებას?
- სწორედ იმის გამო, რომ დავინახეთ ის საფრთხეები, რომლებიც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, ჩვენი აქცია იყო ამ ყოველივეს პრევენცია. ეს იყო დასავლეთისთვის იმის ჩვენება, რომ ჩვენ ვერ შეგვაშინებენ! ჩვენ მათ გასაგებად ვუთხარით, რომ მათი მზაკვრული ჩანაფიქრი ამოცნობილი და გაშიფრულია. ის, რომ დასავლეთისადმი ნდობა ჩვენს ქვეყანაში ქვედა ნიშნულამდეა ჩამოსული, ეს პირველ რიგში, მათი რიტორიკის, მათი ჩვენდამი დამოკიდებულებისა და მათ მიერ დანიშნული ამ უსახური „მეხუთე კოლონის“ დამსახურებაა და არა ჩვენი. როგორ შეიძლება, კორუფციაში ჩაფლულმა ევროპარლამენტარებმა და გიულის დაქალებმა (იგულისხმება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედა გიული ალასანია - ავტ.) ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა ჭკუა ასწავლონ?!
- თქვენ აქციაზე საქართველოს პრეზიდენტის ლეგიტიმაციის საკითხიც დააყენეთ. რა ბერკეტებით უნდა მოხდეს სალომე ზურაბიშვილისთვის საქმიანობის შეჩერება?
- ადამიანმა საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობა თავადვე უნდა აიღოს. პირველ რიგში მეც საკუთარ წილ პასუხისმგებლობაზე საუბრით მინდა დავიწყო თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა და მსურს, ბოდიში მოვიხადო, რომ ოდესღაც ამ ქალბატონს დავუჭირე მხარი. მე და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომლებმაც ხმა მივეცით სალომე ზურაბიშვილს, ვინანიებთ და უკან მიგვაქვს ჩვენი ხმები. ჩვენ არ ვირბენთ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან „გადადექი-გადადექი!“-ს ძახილით და არ დაველოდებით მის იმპიჩმენტს. ფაქტი სახეზეა, ქალბატონ ზურაბიშვილს სახალხო ლეგიტიმაცია აღარ აქვს. იგი იმ „შპანას“ პრეზიდენტად ჩამოყალიბდა, სულ ცოტა ხნის წინათ, საჯაროდ დედას რომ აგინებდა და წარმოუდგენელ შეურაცხყოფას აყენებდა. ამის შემდეგ მან ქართველების სახელით ლაპარაკი არ უნდა გაბედოს! ის საქართველოს დე-ფაქტო პრეზიდენტად რჩება, მაგრამ დე-იურე პრეზიდენტი ვეღარ იქნება, ვინაიდან ლეგიტიმაცია დაკარგა.
- სამოქმედო გეგმაც რომ გაგვიმხილოთ... რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და იგეგმება თუ არა კიდევ ასეთი ფართომასშტაბიანი შეკრებები?
- მე ამ აქციას არ ვუყურებ როგორც ერთჯერად მოვლენას... მუხტი არ უნდა ჩაქრეს, თუმცა, არც იმას ვფიქრობ, რომ კვირაში სამჯერ უნდა შევიკრიბოთ... კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგმება, ამას კონკრეტული ვითარება და შექმნილი რეალობა გვაჩვენებს. ქვეყნის პულსზე უნდა გვეჭიროს ხელი და მივხვდებით, როდის რა ნაბიჯის გადადგმაა საჭირო... შეიძლება ევროკავშირის წევრობის იმ ყბადაღებული კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღების დროსაც მოგვიწიოს ქუჩაში გამოსვლა, რომ ვიღაც ავაზაკმა ქვეყანაში არეულობის მოწყობა არ გაივლოს თავში.
- მსოფლიოში რეალობა იცვლება. ამერიკა ორ ნაწილადაა გაყოფილი, პრობლემებია ევროკავშირშიც, თავად ევროპის ლიდერები უპირისპირდებიან ერთმანეთსაც და ამერიკასაც... მეორე მხარეს კი, ვხედავთ ჩინეთისა და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის არნახულ მასშტაბებს... როგორ ფიქრობთ, აღნიშნული გეოპოლიტიკური ცვლილებებიდან გამომდინარე, ხომ არ მოვიდა დრო, გადაიხედოს ჩვენი მიდგომები არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ რუსეთის მიმართაც, ბოლოს და ბოლოს, ჩრდილოელ მეზობელთან დიალოგის გარეშე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება ხომ მიუღწეველ მიზნად დარჩება...
- გეთანხმებით! პოლიტიკაში სიტუაცია ყოველწამიერად იცვლება და არ შეიძლება შენ ხისტად დადგე შენს რომელიმე პოზიციაზე, ლენჩი ხომ არ ხარ?! ქვეყანას უნდა ჰქონდეს ლავირების შესაძლებლობა და, სადაც მისი გადარჩენის პერსპექტივა გამოიკვეთება, იქ აუცილებლად უნდა ილაპარაკოს, აწარმოოს დიალოგი და ვითარების მიხედვით უნდა იმოქმედოს. სულ ერთ წრეზე ვერ ვივლით, უნდა შევიმუშაოთ ჩვენი გეგმა და სამოქმედო სტრატეგია და, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა ჩვენს შორის, უნდა გამოინახოს გზები, რათა ვნახოთ, სად გვექნება ინტერესთა კვეთა, რა მიმართულებით შევძლებთ მათთან თანამშრომლობას. თუმცა, ჩვენ აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს ჩვენი წითელი ხაზები, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არაფრის სანაცვლოდ არ დავთმობთ, ვინაიდან სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნება ჩვენი ამოსავალი წერტილია! საქართველო არ უნდა იყოს დაკომპლექსებული, დაშინებული და მას უნდა ჰქონდეს ნებისმიერი მიმართულებით ცურვის საშუალება, რათა არ მოვხვდეთ შტორმში და არ შევასკდეთ აისბერგს.