logo_geo
eng_logo
ულრიკ ტიდესტრომი: შვედეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. საქართველოს გზა ევროპისკენ ისეთივე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც მისი თავმჯდომარეობა ევროკავშირში
- +

7 მაისი. 2023. 19:47

 

 

შვედეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. საქართველოს გზა ევროპისკენ ისეთივე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც მისი თავმჯდომარეობა ევროკავშირში, - ამის შესახებ შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა ორბელიანის მოედანზე „ევროპის დღეებისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მან შეკრებილებს შვედეთისა და ევროპის დღე მიულოცა.

 

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, თბილისის მერთან და ევროკავშირის ელჩთან ერთად შვედეთის დღეების აღსანიშნავად, რომელიც „ევროპის დღეების“ ნაწილს წარმოადგენს. გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის საელჩოს საქართველოში ამ დღის მოწყობისთვის.

 

მშვენიერია, ქართულ-შვედური სოფლის ნახვა აქ, თბილისის გულში. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო შვედ მომღერლებსა და მსახიობებს, რომლებიც ჩამოვიდნენ, რათა გასიამოვნონ და კონცერტი გამართონ. ასევე აქ არის ერთ-ერთი საუკეთესო შვედი მზარეული, რათა დაგაგემოვნებინოთ შვედური კერძები. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, დამსწრე საზოგადოებას იმისთვის, რომ მობრძანდით აქ, აღგვენიშნა შვედეთისა და ევროპის დღე ერთად.

 

ეს არ არის პირველი „ევროპის დღის“ აღნიშვნა საქართველოში, მაგრამ ეს პირველი „ევროპის დღის“ აღნიშვნაა, რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. შვედეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. საქართველოს გზა ევროპისკენ ისეთივე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც მისი თავმჯდომარეობა ევროკავშირში. რატომ? რადგან ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ. ჩვენ გვჭირდება მეტი საქართველო როგორც შვედეთში, ასევე ევროკავშირში და გვინდა უფრო მეტი შვედეთი საქართველოში, რასაც ჩვენ დღეს დავინახავთ.

 

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა. საქართველოს გაუმარჯოს! შვედეთს გაუმარჯოს! ევროპას გაუმარჯოს!“, - განაცხადა შვედეთის ელჩმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner