სერიალის „უცნაური ამბები“ ფინალური სეზონის გადაღებები ჰოლივუდში მიმდინარე სცენარისტების გაფიცვის გამო შეაჩერეს. ამის შესახებ Variety წერს.
გადაღებები მაისში უნდა დაწყებულიყო, თუმცა შოუს ავტორების ძმები დაფერების განმარტებით, სცენარზე მუშაობა გადაღებების დაწყების შემდეგაც გრძელდება, ამიტომ გაფიცვის პირობებში გადაღებების გაგრძელება შეუძლებელია.
„იმედია უახლოეს დროში მიიღწევა სამართლიანი შეთანხმება და ყველანი შევძლებთ საქმიანობას დავუბრუნდეთ“, - დაწერეს მათ Twitter-ზე.
2 მაისს აშშ-ის სცენარისტთა გილდიამ, რომელიც კინოსა და ტელევიზიების ათასობით სცენარისტს წარმოადგენს, ჰოლივუდში უვადო გაფიცვა დაიწყო. ამის მიზეზი კი უმსხვილეს კინოსტუდიებსა და სტრიმინგ-სერვისებთან ჩაშლილი მოლაპარაკებები გახდა. სცენარისტები მინიმალური ანაზღაურებისა და სადაზღვევო გარანტიებს ითხოვენ.