„2013 წლიდან საპროტესტო აქციებთან ხელისუფლების დამოკიდებულებამ ცივილიზებული სახე მიიღო, როდესაც პოლიციელები აგრესიული მომიტინგეების მიმართ მაქსიმალურად ცდილობენ, დაშალონ ან განარიდონ კონკრეტულ კრიტიკულ ადგილებს ისე, რომ მათ ფიზიკური დაზიანებები არ მიაყენონ“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საპროტესტო აქციები ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ნორმაა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ხელისუფლების მიზანი იყო არა საპროტესტო მონაწილეების დაშლა, არამედ თითოეული მათგანის დასჯა.
კაკაბაძე ასევე ყურადღებას ამახვილებს პარტიული ტელევიზიების მიერ ე. წ. „ნათელი“ მიზნებით საზოგადოებისთვის „ტვინების გამორეცხვის“ ხანგრძლივ პროპაგანდაზე, რაც ემსახურება იმ აზრის დამკვიდრებას, რომ მიზნის მიღწევისთვის ყველაფერი დასაშვებია, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მკვლელობაც. ნანა კაკაბაძის განცხადებით, ამ ფონზე, 30 აპრილს გამართული აქცია, რადიკალურად განსხვავებული იყო.
„მიტინგები და მომიტინგეები
1988 წლებიდან დაიწყო საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები, აქედან მოყოლებული, ჩემი თაობის ახალგაზრდობა, შეიძლება ითქვას, მიტინგებზე გავიზარდეთ. არათუ გავიზარდეთ, არამედ დავქალდით, დავკაცდით და დავბერდით კიდეც, ამიტომ საპროტესტო აქციების ქართული თავისებურებები ჩვენს თვალწინ და ჩემი თაობის მონაწილეობით ყალიბდებოდა.
ასე ჩამოყალიბდა დუნე (ანუ ხელოვნურად შეკოწიწებული), საშუალო (კარგად ორგანიზებული, თუმცა პარტიული შინაარსის მქონე საპროტესტო აქციის) და ბუნებრივად მაღალი საპროტესტო მუხტის მიტინგების ნაირსახეობები.
მიტინგის ამ ბოლო ფორმას საქართველოში იშვიათად ვხვდებით, მაგრამ ის ყველაზე ხარისხიანი და გარკვეული შედეგის მომტანია.
შეიძლება გავიხსენოთ 9 აპრილი, 23 ნოემბერი, 7 ნოემბერი და ზოგიერთი სხვა თარიღი, როდესაც საპროტესტო აქციები გამოირჩეოდნენ მასობრიობით, გულწრფელობით და შედეგიანობით. შედეგები ზოგ შემთხვევაში შესაძლოა იმწუთიერი არ იყო, მაგრამ ასეთი სახის საპროტესტო აქციებს საბოლოო ჯამში დიდი ცვლილებები მოჰქონდა ქვეყნის ცხოვრებაში.
საპროტესტო აქციები ყველა დემოკრატიული ქვეყნის ცხოვრების ნორმაა, ყველა დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლებას უხდება ხოლმე პერიოდულად ზღვარგადასული სიმწვავის საპროტესტო აქციების ძალისმიერი მეთოდებით დაშლა, თუმცა, რაც სააკაშვილის მმართველობის 9-წლიან პერიოდში გადაიტანა ქართულმა საზოგადოებამ, ეს ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელი ნონსენსია. მხედველობაში გვაქვს ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიზანს საპროტესტო აქციის მონაწილეების არა დაშლა, არამედ დასჯა წარმოადგენდა. სააკაშვილის ხელისუფლების ნოუ-ჰაუ იყო ის გადაწყვეტილებები, რომ მიტინგის მონაწილეები კი არ გაეფანტათ და დაეშალათ, არამედ პირიქით, მათთვის ყველა გასასვლელი ჩაეკეტათ, მიტინგის ყველა მონაწილე ჯერ ეცემათ, ხოლო შემდეგ დაეკავებინათ. ცემაში გარდაცვლილი მშვიდობიანი მომიტინგეების ცხედრები სახურავებზე შემოელაგებინათ. საკაშვილის და მხოლოდ ნაცების რეჟიმს უკავშირდება საქართველოში, მიტინგის დარბევის გაგრძელებად, თავისუფალი და დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ("იმედი"ს)დარბევა.
2013 წლიდან საპროტესტო აქციებთან ხელისუფლების დამოკიდებულებამ ცივილიზებული სახე მიიღო, როდესაც პოლიციელები აგრესიული მომიტინგეების მიმართ მაქსიმალურად ცდილობენ, დაშალონ ან განარიდონ კონკრეტულ კრიტიკულ ადგილებს ისე, რომ მათ ფიზიკური დაზიანებები არ მიაყენონ.
თუმცა, პროვოკაციის მიზნით საპროტესტო აქციაზე გამოსული ყველაზე აგრესიული ნაწილი ამით ხშირად ბოროტად სარგებლობს და ახერხებს ფიზიკური დაპირისპირებების პროვოცირებას, ხოლო თუ ამას აღწევენ, შემდეგ ერთვება მათი პროპაგანდისტული პარტიული ტელევიზიები, რათა ხელისუფლება „სასტიკ აგრესორებად“, ხოლო პოლიციელებზე თავდამსხმელი ახალგაზრდები „გმირებად“ და „პატრიოტებად“ წარმოაჩინონ. ამით ისინი საზოგადოებაში თესავენ იდეას, რომ თუ ბრძოლის მიზანი ნათელია (ე. წ. „ნათელი“ მიზნებით „ტვინების გამორეცხვისთვის“ მანამდე ცალკე ხანგრძლივ პროპაგანდას მიმართავენ), მაშინ ყველაფერი დასაშვებია - „ბოროტი ხელისუფლების“ წარმომადგენელთა და დამცველთა მკვლელობაც კი.
ამ ფონზე ხელისუფლების მომხრეთა საპროტესტო აქციები რადიკალურად განსხვავებულია. ვიღაცა იტყვის, ხელისუფლების მომხრეებმა რა საპროტესტო აქციები უნდა მოაწყონ ან ვის უნდა მოუწყონო? ჩვენ ადრეც ვწერდით, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ყოველთვის არ ნიშნავს ძალაუფლების ქონას და ხდება ხოლმე, როდესაც ხელისუფლების მომხრეები სწორედ ძალაუფლების მქონეთა წინააღმდეგ აწყობენ საპროტესტო აქციებს. ამის მაგალითი იყო თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე 30 აპრილს გამართული ხალხმრავალი მიტინგი. ყველა ნიუანსის გათვალისწინებით (ცუდი ამინდი, დიდი მნიშვნელობის მქონე საფეხბურთო მატჩი და სხვ.) აღნიშნულ მიტინგზე მართლაც მოულოდნელად ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა და რაც უნდა იქირქილონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომ ეს იყო ადმინისტრაციული რესურსით მობილიზებული ხალხი, თვითონაც კარგად იციან, რომ ეს ასე არ იყო. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ასე შეაფასა აქცია:
„აქ იყვნენ აკადემიკოსები, პროფესორები, ლექტორები, ექიმები, ბიზნესმენები, ფერმერები, გლეხები, პედაგოგები, ხელოვანები, სტუდენტები, პენსიონერები, ვეტერანები, ოფიცრები, სპორტსმენები, რეგიონების ინტელიგენცია... ეს ის ხალხია, ვინც აქციებზე არ დადის, ზოგიერთი პოლიტიკას საერთოდ არ ადევნებს თვალს, თავისი საქმე აქვთ, დროს კი ძირითადად ოჯახს და მეგობრებს უთმობენ. ასეთი ამ შეკრებაზე დაახლოებით 2/3 იყო. ეს ის ხალხია, ვინც თავისი ავტორიტეტით, სანაცნობო წრით ქვეყანაში არჩევნების ბედს წყვეტს. თუ გახსოვთ, სააკაშვილი ბიძამისს ლიფტში რომ ესაუბრება - საშუალო კლასი არ მიჭერს მხარსო და ეგენი წყვეტენ არჩევნების ბედსო - აი, ზუსტად ეს ხალხი იყო აქციაზე.
ეს კი მკაფიო გზავნილი იყო შიდა თუ გარე ძალების მიმართ, რომ ხალხს არ სურს ომი, ხალხი არ დაუშვებს ხელისუფლების ძალისმიერ ცვლილებას, ხალხი დამანგრეველი იდეოლოგიის წინააღმდეგია. აქციამ ხელისუფლებასთან სიტუაციური მოკავშირეობის მდგომარეობა, ომში ჩათრევის საფრთხის სრულ განეიტრალებამდე, გამოაცხადა. დღეს ხალხს, ხელისუფლების გარდა, დამცველი არ ჰყავს, ამავე დროს ხელისუფლებას არ ჰყავს დამცველი, ხალხის გარდა. ამ ვითარებაში ხელისუფლებამ გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგას და შეასრულოს აქციაზე დაყენებული მოთხოვნები. ხოლო თუ მაინც მოხდება ხელისუფლების ძალისმიერი ცვლილების მცდელობა და ჩვენ დავინახეთ ასეთი სცენარის რეალობა, ძალაუფლებას ხელში ხალხი აიღებს“.
ვფიქრობთ, ეს შეფასება და პროგნოზი ყველაზე ახლოს არის რეალობასთან, რაც ყველამ კარგად უნდა გაიგოს და გაითვალისწინოს“, - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.