„ამ კადრებმა ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია გამახსენა. ისტორიიდან ცნობილია, თუ როგორ ამზადებდნენ რევოლუციამდე სწორედ ამ ასაკის მოზარდებს და ახალგაზრდებს იდეოლოგიურად და ფიზიკურად. ამის ფოტომატიანეც არის შემონახული, იარაღით ხელში თუ როგორ წვრთნიან ახალგაზრდებს, მათ შორის, არასრულწლოვნებს“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეხვედრა ახალგაზრდებთან.
ხუნდაძის თქმით, ოპოზიცია, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მიაღწევს რევოლუციას.
„დიდი მცდელობის მიუხედავად, ოპოზიცია ვერ მიაღწევს სისხლიან რევოლუციას, ამას თავად ეს ახალგაზრდები არ დაუშვებენ. არავინ იცის, თუ რა მიზნისთვის წავიდნენ იქ მოზარდები და რეალურად სად აღმოჩნდნენ. დარწმუნებული ვარ, არც მშობლებს ეცოდინებოდათ, რომ მათი შვილებისგან პავლიკ მოროზოვებს ზრდიან და დაგეგმილ ძმათამკვლელ ბრძოლაში ტყვიისთვის იმეტებენ.
ამ კადრებმა ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია გამახსენა. ისტორიიდან ცნობილია, თუ როგორ ამზადებდნენ რევოლუციამდე სწორედ ამ ასაკის მოზარდებს და ახალგაზრდებს იდეოლოგიურად და ფიზიკურად. ამის ფოტომატიანეც არის შემონახული, იარაღით ხელში თუ როგორ წვრთნიან ახალგაზრდებს, მათ შორის, არასრულწლოვნებს.
ეს ერთი საუკუნის წინ იყო. თანამედროვე ევროპა სხვა სტანდარტებით მოქმედებს თუნდაც პროტესტის დროს. ეს საბჭოური რევოლუციის სტილია და არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან. ქართული ოპოზიცია სწორედ რუსული საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში მათი ადგილი არ არის.
მათი ადგილი მალე არც საკუთარ სამშობლოში იქნება, რომელიც ისე სძულთ, რომ მზად არიან ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, არასრულწლოვნებიც კი საზარბაზნე ხორცად გაიმეტონ. საბედნიეროდ, ხალხი ბრძენია, ხელისუფლება კი ქმედითი და მათ ზრახვებს ახდენა არ უწერია.
რაც შეეხება ოპოზიციის ახალგაზრდულ ბანაკებში შესაძლო ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და კანონდარღვევებს, ვიმედოვნებ, ამას შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.