logo_geo
eng_logo
შვედეთის სიდიდით მეორე პარტიის თავმჯდომარე: ევროკავშირი არასწორი მიმართულებით მიდის, დღეს გვაქვს მიზეზი გადავხედოთ შვედეთის წევრობას ამ კავშირში
- +

8 მაისი. 2023. 20:38

 

შვედეთმა ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, 27-წევრიანი ბლოკის კანონების აღსრულებიდან მეტი გამონაკლისის მიღებაზე უნდა იმუშაოს. ამის შესახებ ქვეყნის სიდიდით მეორე პარტიის „შვედეთის დემოკრატების“ თავმჯდომარემ, ჯიმი აკესონმა განაცხადა.

როგორც Reuters-ი წერს, პოლიტიკოსმა ევროსკეპტიკოსების კრიტიკა გაიზიარა და განაცხადა, რომ ევროკავშირის მუდმივად მზარდი ძალაუფლება ნიშნავს, რომ „გერმანელი, პოლონელი ან ფრანგი პოლიტიკოსები წყვეტენ რომელი მანქანის ყიდვა შეგიძლიათ თქვენ, რამდენად ძვირი უნდა იყოს საწვავი და რომელი ხის მოჭრის ნებართვა გაქვთ თქვენსავე მიწაზე“.

აკესონს, რომლის ანტი-იმიგრაციულ პარტიას დიდი გავლენა აქვს შვედეთის მთავრობაში, Brexit-ის ანალოგიური Swexit-ისკენ მოწოდება არ გაუჟღერებია, თუმცა მან განაცხადა, რომ ევროკავშირი არასწორი მიმართულებით მიდის.

„დღეს გვაქვს მიზეზი გადავხედოთ ჩვენს წევრობას ამ კავშირში. მალე საყოველთაო არჩევნებს შვედეთში აღარ ექნება მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - აცხადებს პოლიტიკოსი.

ამასთან, აკესონი, რომლის პარტიამაც ბოლო არჩევნებში ხმათა 20,5% მიიღო, შიშობს, რომ ევროკავშირი შვედეთს უფრო ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის მიღებას აიძულებს.

ბოლო კვლევის მიხედვით, შვედეთი ევროკავშირისადმი ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიურად განწყობილი ქვეყანაა. კავშირში წევრობას მხარს ქვეყნის მოსახლეობის 68% უჭირს. 2022 წელს კი ქვეყანამ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner