ავტორი თაკო კვარაცხელია
- ბატონო იგორ, დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე... რა გზა გამოიარა კაცობრიობამ 1945 წლის 9 მაისიდან 2023 წლის 9 მაისამდე და ახლა, მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე მყოფ მსოფლიოში, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ კაცობრიობის ისტორიის ეს ყველაზე დიდი ბოროტება მართლაც დამარცხებულია?
- ძალიან მარტივი და ამავდროულად ძალიან რთული შეკითხვაა... მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ფაშიზმმა მხოლოდ ფორმა იცვალა, მისი შინაარსი და იდეოლოგია კი უცვლელი დარჩა. სწორედ ფორმაცვლილი ფაშიზმის შედეგია ის, რასაც ახლა მსოფლიო იმკის. ომის საკითხი ზოგადად ურთულესი საკითხია... როგორც მსოფლიო მეცნიერები ანგარიშობენ, არსებობის მანძილზე კაციობრიობამ უომრად ჯამში მხოლოდ სამას წელიწადს იარსება. მეცნიერებისვე მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ომი უსასტიკესი მოვლენაა, იგი სამყაროს განვითარების წინაპირობაცაა. ომების დასრულების შემდგომ სამყარო ყოველთვის გადადიოდა განვითარების ახალ ეტაპზე, ასე იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდგომ და ასე იქნება ახლაც. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ტექნოლოგიური განვითარების ხანა დაიწყო, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კი, ატომური იარაღი შეიქმნა, რაც თავის მხრივ მშვიდობის მეტ-ნაკლებ გარანტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თქვენ თქვით, მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა სამყაროო, მე კი გეუბნებით, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია! ახლა რუსეთ-უკრაინის კი არა, რუსეთ-ამერიკის ომი მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ, მსოფლიოში სრულებით ახალი რეალობა ჩამოყალიბდება.
- რუსეთ-ამერიკის ომია ეს და არა რუსეთ-უკრაინისო, ბრძანეთ... თქვენი აზრით, როცა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში საომარ მოქმედებებს იწყებდა, არ იცოდა რომ მას რეალურად ამერიკასთან ომი მოუწევდა და არა უკრაინასთან?
- ომი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში არ დაწყებულა, ომი უკრაინაში მაშინ დაიწყო, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა მაიდანზე ფუნთუშები დაარიგა. ფუნთუშები საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად გამოიყენეს, რეალურად კი, ეს იყო ტანკებისა და სამხედრო ტექნიკის დარიგება უკრაინელებისათვის. ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, აშშ-ის წაქეზებით ხდება და მხოლოდ და მხოლოდ მის ინტერესებში შედის. ზოგადად, აშშ ომს როცა იწყებს, მას ყოველთვის დემოკრატიით ნიღბავს და არასოდეს ამბობს, რომ ეს მისი გეოპოლიტიკური ინტერესების ნაწილია... ასეა ახლაც. ამერიკელები უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომს იყენებენ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ევროპის წინააღმდეგაც.
- რას გულისხმობთ, გინდათ თქვათ, რომ ამერიკა მისი მეგობარი ევროპის წინააღმდეგაც მოქმედებს?
- პოლიტიკაში არ არსებობენ მეგობრები, პოლიტიკაში არსებობს მხოლოდ ინტერესები... აშშ შეეცდება, თავისი გავლენა განამტკიცოს ევროპაზე და უკრაინა სადგისად აქციოს არა მარტო რუსეთის, არამედ ევროპის საჯდომშიც, როგორც ეს, თავის დროზე, არაბულ სამყაროში გაკეთდა ისრაელის სახით. რუსეთმა დაიწყო სამხედრო მოქმედებებიო, თქვენ თქვით, მე კი გეტყვით, რომ გასული წლის 24 თებერვალს სამხედრო მოქმედებები რომ არ დაეწყო რუსეთს, მას აუცილებლად დაიწყებდა უკრაინა... რუსეთმა უბრალოდ დაასწრო. აშშ წლების განმავლობაში ემზადებოდა ამ ომისთვის, რუსეთი კი, იძულებული გახდა, თავი დაეცვა...
- ბატონო იგორ, რომ დაგვიკონკრეტოთ, რა ინტერესი ჰქონდა აშშ-ს უკრაინაში ომის დაწყებით და რატომ არ წყვეტს დღემდე უკრაინის არმიის სამხედრო ტექნიკით მომარაგებას?
- ამერიკელები უკრაინაში დიდი ხნის განმავლობაში არჩევდნენ ისეთ ადამიანს, ვინც მათ ავანტიურაზე დაუფიქრებლად წავიდოდა. ასეთი ადამიანი აღმოჩნდა ვლადიმერ ზელენსკი, რომელმაც უსიტყვოდ შეასრულა მათი ყველა დავალება და ამაში უზარმაზარი თანხებიც აიღო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არცერთ ქვეყანას არ ჰყავს იმდენი სამხედრო ბაზა, რამდენიც შეერთებულ შტატებს და ისინი ფიქრობდნენ, რომ მათი სამხედრო ბაზების გაფართოვების საკითხი უნდა ყოფილიყო შეუქცევადი პროცესი. რუსეთის საზღვრებთან რაც უფრო ახლოს განლაგდება ამერიკული რაკეტები, მით უფრო მცირე დრო დასჭირდება ამ რაკეტის დანიშნულების წერტილამდე მისვლას. ეს იყო ამერიკელთა მიზანიცა და გეგმაც. როგორც გითხარით, აშშ-ს მეტი სამხედრო ბაზა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ვიდრე რუსეთსა და ჩინეთს ერთად აღებულს, მაგრამ ის არსებულით არ კმაყოფილდება, სურს, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდოს, მეტსაც გეტყვით, ამერიკა უკრაინის ომს არამხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებს, არამედ ევროპის უზარმაზარი სახელმწიფოების, იგივე საფრანგეთის ან გერმანიის გასანადგურებლადაც!
- ცოტა უცნაური, ზედმეტად თამამი და უკიდურესად რადიკალური პროგნოზი ხომ არ არის?
- რადიკალურია, თუმცა რეალისტურიც! ეს ომი ჯერ არ დასრულდება, ეს ომი სავარაუდოდ წლების განმავლობაში გაგრძელდება... ევროპა კი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა, ევროპელ ლიდერებს არ ეგონათ, რომ ომი ამდენ ხანს გასტანდა... რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპის სახელმწიფოები სამხედრო, სოციალური თუ ეკონომიური თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა და მეტიც, ამ ომით ევროპამ გაცილებით დიდი ზარალი ნახა, ვიდრე თავად რუსეთმა. რუსეთი დაიშლებაო, პროგნოზირებენ ქართველი თუ დასავლელი ექსპერტები, მე კი ვფიქრობ, რომ ამ ომში თუ რომელიმე სახელმწიფო უფრო ადრე დაიშლება, ვიდრე რუსეთი, ეს უკრაინაა.
- დღეს 9 მაისია, სიკეთის ბოროტებაზე, იმედის უიმედობაზე, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღე... იქნებ ჩვენი საუბარიც ოპტიმისტურად დავასრულოთ და იმედი გამოვთქვათ, რომ ის კატასტროფული შეცდომა, რა შეცდომაც მსოფლიომ გასული საუკუნის 30-იან წლებში დაუშვა, აღარ განმეორდება და მალე დადგება ის დრო, როცა მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან...
- ომი რომ უნდა შეწყდეს, ამას ითხოვს ყველა - რუსი, ევროპელი თუ ამერიკელი ხალხი. გარკვეული პროცესები ამ მიმართულებით დაწყებულია და ამ პროცესში ჩართულია თურქეთიც, ჩინეთიც... მე არ ვიცი, როდის მიუსხდებიან მხარეები მოლაპარაკების მაგიდას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მისი შედეგები გაცილებით მტკივნეული იქნება უკრაინისათვის, ვიდრე რუსეთისათვის! უკრაინა, როგორც სახელმწიფო, 1917 წლამდე არ არსებობდა და მისი ტერიტორიების ნაწილი ისტორიულად რუსეთს ეკუთვნოდა, ნაწილი პოლონეთს და მის მოსაზღვრე სხვა სახელმწიფოებს. პოლონეთის სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერება უკვე თვალშისაცემია და ის აუცილებლად აბრძოლებს მისი ინტერესებისთვის, არაა გამორიცხული დასავლეთ უკრაინის ტერიტორიებზეც გამოაცხადოს პრეტენზია. გასული საუკუნისგან განსხვავებით, დღევანდელ მსოფლიოს მართავენ არა სახელმწიფო მოღვაწეები, არამედ პოლიტიკური მოღვაწეები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მსოფლიოს მდგომარეობას. ქვეყნების ლიდერები აღარ არიან ისეთი სახელმწიფო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ სტალინი, კენედი, რეიგანი... სწორედ ამიტომ რთულია მათი ნაბიჯების თანმიმდევრულობის და ლოგიკის განსაზღვრა. მსოფლიოს ერთი ნაწილი ელოდება, როდის შეიცვლება რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ახალი პრეზიდენტით, მე კი მგონია, რომ ის ახალი, რომელიც ჩაანაცვლებს მოქმედს, იქნება გაცილებით უფრო ხისტი და რადიკალური, ვიდრე ვლადიმირ პუტინია. რამდენად პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი გაცილებით უფრო ლიბერალია, ვიდრე რუსეთის სხვა წარმომადგენლები, იგივე - უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი. მე არ ვიცი, როდის და ვინ ჩაანაცვლებს პუტინს, თუმცა, ქვეყანა, სადაც ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, ეს აშშ-ია! დემოკრატებს აუცილებლად რესპუბლიკელები ჩაანაცვლებენ და არ არის გამორიცხული, მოქმედ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, უკრაინის მოვლენების გამო, სასამართლოს წინაშე წარდგომაც მოუწიოს!