„ევროპის შესახებ საკმაოდ „საინტერესო“ ხედვები ჰქონია მარქსის იდეებისთვის მებრძოლ სოციალისტს. გვეუბნება საქართველოს მთავრობას რეფორმები მოთხოვეთო. უკაცრავად, მაგრამ როგორი სახის რეფორმები? ის, რომ დედა და მამა დავნომროთ და ადამიანური სიყვარული ცხოველურ ვნებებზე დავიყვანოთ?“ - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე, რომელიც ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „კონსერვატიულ პარტიას“ პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“.
„ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტი კეტი პირი - საქართველოს მოსახლეობის მხრიდან საჭიროა, რომ მოსთხოვოთ თქვენს წარმომადგენლებს შესაბამისი რეფორმები. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება. მდააა, ევროპის შესახებ საკმაოდ „საინტერესო“ ხედვები ჰქონია მარქსის იდეებისთვის მებრძოლ სოციალისტს. გვეუბნება საქართველოს კარგად ვიცნობო და გვეუბნება მთავრობას რეფორმები მოთხოვეთო.
უკაცრავად, მაგრამ როგორი სახის რეფორმები? ის, რომ დედა და მამა დავნომროთ? ის, რომ რწმენა უარვყოთ? ის, რომ ადამიანური სიყვარული ცხოველურ ვნებებზე დავიყვანოთ? არ იცნობთ თქვენ, ქალბატონო კეტი, ქართველებს და ვისი „იდეებიც“ ქართველი ხალხის სურვილი გგონიათ, ისინი ქართველები არ არიან. თქვენ წარმოიდგინეთ და არც ევროპელები. ეგ კი არა და ევროპელი არც თქვენ ხართ, თუნდაც იმიტომ, რომ ნამდვილი ევროპა კონსერვატიულია. ნამდვილი ევროპა რწმენაზე, ოჯახზე და სამშობლოზეა დამყარებული და არა საქართველოს კონსერვატიული აზროვნების ხალხის, არამედ სწორედაც თქვენი და თქვენნაირების ადგილი არ არის ევროპაში“, - წერს გია გაბრიჭიძე ფეისბუქზე.