კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში ქვეითი და კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ სიტყვით მიმართეს, სწავლის დასრულება მიულოცეს და უმცროს ოფიცრებს წარმატებული კარიერა უსურვეს. ღონისძიების დასასრულს მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.
ქვეითი და კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსები კრწანისში ჩატარდა. უმცროსმა ოფიცრებმა ქვეითი საბრძოლო ვარჯიშები, თავდასხმითი, თავდაცვითი და საპატრულო ოპერაციები, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების მეთოდიკა, ტაქტიკა და ქვედანაყოფის მართვის პროცედურები შეისწავლეს. სწავლების ფარგლებში ასევე, პირველად ჩატარდა გაერთიანებული სწავლება საშტაბო-სამეთაურო კოლეჯის, მანევრის კაპიტნის საკარიერო მომზადების, ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადებისა და სერჟანტთა აკადემიიდან სერჟანტთა საკარიერო მომზადების კურსების წარმომადგენლების ჩართულობით.
სწავლების მიზანი პარალელური დაგეგმვის პროცესის, სამხედრო გადაწყვეტილების მიღებისა და ქვედანაყოფის მართვის პროცედურების დახვეწა იყო.