"ცოტა არ იყოს დამაფიქრებელია ასეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვხედავთ. კერძოდ, ხაზგასმა იმაზე, რომ ევროპულ ოჯახში კონსერვატიულ ღირებულებებს არ ესაქმება. უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე საუბარი იყო ოჯახზე, სამშობლოზე, რწმენაზე. ძალიან გამიკვირდებოდა, თუ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება ოჯახს, სამშობლოს, რწმენას. ეს ფაქტობრივად იგივეა, რომ გვითხრან, რომ ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან," - ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, „მაგრამ „კონსერვატიულ პარტიას“ პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“.
„წლებია, ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენი დამოკიდებულება გამოავლინოს და ეს არის სწორედ ის ფასეულობები, რაც ჩვენს ერს გააჩნია. ეს თავის მხრივ ევროპულ გზას აჩვენებს ჩვენი ქვეყნის - მამული, ენა, სარწმუნოება. ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული ჩვენი ევროპაში სწრაფვა. თუ ეს ნიშნავს იმას, რომ მამული, ენა და სარწმუნოება არ არის ის ღირებულება, რომელიც ევროპაში მისაღებია კონკრეტულად ამ ფრაქციის მხრიდან, რა თქმა უნდა, ძალიან იმედგამაცრუებელი იქნებოდა. დემოკრატია ერთ მარტივ პრინციპს ეფუძნება - ეს არის წარმომადგენლობითი დემოკრატია, როცა ხალხი მის ხელისუფლებას ირჩევს და კიდევაც იგულისხმება, რომ ხელისუფლება მის ხალხს წარმოადგენს. ასე, რომ ნებისმიერი მცდელობა ხელოვნური დაყოფის ხალხისა და ხელისუფლების მხოლოდ პროპაგანდაა და ამ პროპაგანდას საქართველოს მიმართ დღემდე მხოლოდ რუსეთი იყენებდა. ჩვენ გვახსოვს, როგორ ულოცავდა რუსული ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობას ცალკე და ამა თუ იმ დღესასწაულს არ ულოცავდა ხელისუფლებას, მხოლოდ ხალხს ულოცავდა. ეს არის ზუსტად რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღი, რომ ერთმანეთისგან გამიჯნოს ხალხი და ხელისუფლება და ისაუბროს თითქოს ხალხზე ზრუნავს, ხოლო ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხს. საბოლოო ჯამში, ამ პროპაგანდის ბოლო ეტაპის არის ის, რომ სინამდვილეში თავად პროპაგანდისტები ან ის ხალხი, ვინც ზუსტად იმ პროპაგანდას მიმართავს, რომ ხალხს და ხელისუფლებას მიჯნავს, შემდეგ თავად თქვან, რომ ისინი წარმოადგენენ ხალხს და ისინი უფრო მეტად იზიარებენ ხალხის ინტერესს. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვხედავთ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან, როცა ხდება ყოველ მეორე წინადადებაში აპელირება იმაზე, ხალხს რა უნდა და თითქოს მათ იციან - არა საქართველოში არჩეულმა პოლიტიკოსებმა, არამედ ადამიანმა, ვინც ტვიტერის მიღმა საქართველო რა არის საერთოდ წარმოდგენა არ აქვს. თითქოს, მათ იციან, რა უნდა ქართველ ხალხს და ისინი წარმოადგენენ, თითქოს ქართველ ხალხს. ეს არის ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდის იარაღი. საზოგადოებას რაც უნდა მოვუწოდოთ, არის ის, რომ ნებისმიერი უცხოელი პოლიტიკოსი, რომელსაც შევატყობთ, რომ ლექსიკონში ექნება ქართველ ხალხზე გადაჭარბებული ხაზგასმა, რომ ქართველ ხალხს რაღაც უნდა თუ არა, ყველამ ასეთ პოლიტიკოსს ეჭვის თვალით შევხედოთ, რადგან ამის უკან რუსეთის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ინსტრუმენტები დგას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.